Bolt-ის მძღოლებმა ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით აქცია გამართეს

პუბლიკა

ტაქსების კომპანია Bolt-ის მძღოლებმა თსუ-ის ბიბლიოთეკის მიმდებარედ საპროტესტო აქცია გამართეს. მათ კომპანია Wolt-ის კურიერებიც შეუერთდნენ.

Bolt-ის მძღოლები საკომისიოს შემცირებას, მომსახურების ტარიფის გაზრდას, Bolt-ის ქართული ოფისის გახსნას და ქოლცენტრის ამოქმედებას, შორ მანძილზე ფასის დაკომპენსირებას, მგზავრის ლოდინის ღილაკის დამატებას მოითხოვენ.

ტაქსის მძღოლმა გიორგი ჟამურელმა განაცხადა, რომ 260 მძღოლის ხელმოწერილი განცხადებით მიმართეს „ბოლტის“ ადმინისტრაციას, თუმცა უშედეგოდ, ისინი უპასუხოდ დარჩნენ.

„ეს არ არის პირველი აქცია. მანამდე შევიკრიბეთ 100 კაცი, ხელმოწერებიც გავაკეთეთ. 260 კაცის ხელმოწერით შევიტანეთ განცხადება, გავგზავნეთ მეილზე. როგორც იცით, ოფისი ჩვენ არ გვაქვს და ონლაინ გვიწევს ურთიერთობა ხან ბოტებთან, ხან ანეკდოტებთან… ადამიანს არ ვიცნობთ იქ, ვინ არის ჩვენი მენეჯერი, არ არსებობს ასეთი რაღაც. გვეუბნებიან, მოგვწერეთო და მივწერეთ, მაგრამ უშედეგოდ.

რა არის ჩვენი ძირითადი მოთხოვნა – შემცირდა ტარიფი. ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის და გაზრდილი ფასების მიუხედავად, კომპანიამ შეგვიმცირა შემოსავალი.

შეკვეთები არის ნაკლები, მუშაობა არ არის და ეს რთული პერიოდი შეგვეხო მხოლოდ ჩვენ, მშრომელებს, მძღოლებს.

საკომისიო მაღალია, საკომისიოს ერთი თეთრიც არ დაკლებია. ჩვენ უნდა მოვითმინოთ, მაგრამ ხელმძღვანელმა, რომელიც ზის თბილად და ბევრს არაფერს აკეთებს, ერთი თეთრი არ დააკლო საკომისიოს.

საბონუსე სისტემაც სახვეწარი გაგვიხდა. არ ფიქრობენ, რომ ჩვენ ვართ ადამიანები და გვჭირდება ღირსეული ანაზღაურება ჩვენ მიერ გაწეული შრომისთვის.

ცუდი რაც არის, ეს არის კილომეტრაჟის დათვლა, ტარიფების დათვლა, შესაბამისი არ არის ანაზღაურება. ჩვენ ფულს იპარავენ, გვაკლებენ და ეს გვეხება ყველას.

როცა ჩვენ ამას ვნახავთ, გავაკეთოთ „სქრინშოტები“ და ვაჩვენოთ ყველას, როგორ გვაკლებენ შემოსავალს, რამდენი გადაიხადა მომხმარებელმა და რამდენი დაგვეწერა ჩვენ“, – მიმართა გიორგი ჟამურელმა აქციაზე შეკრებილებს.

„პუბლიკას“  Bolt-იდან აცნობეს, რომ ჩვენს შეკითხვაზე საპასუხოდ შესაბამისი გუნდი ხვალ, სამუშაო საათებში გადაამოწმებს ინფორმაციას და გვიპასუხებენ.