ბოლტონი: საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება არასწორი, სამწუხარო და საზიანო იყო

პუბლიკა

თეთრი სახლის ეროვნული ეროვნული უსაფრთხოების ყოფილმა მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება არასწორი, სამწუხარო და საზიანო იყო.

ბოლტონმა უპასუხა კითხვას, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, როგორ აღიქვამს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებს.

„ცხადია, ამ მომენტში ურთიერთობები არ არის საუკეთესო ფორმაში და ვფიქრობ მართალია, რომ საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება იყო არასწორი, სამწუხარო და საზიანო. მიმაჩნია, რომ როდესაც მეგობრებს შორის უთანხმოებაა, უმჯობესია ეს უთანხმოება არასაჯარო იყოს. იმედი მაქვს, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ხედავს რა ხდება და აცნობიერებს, რომ ეს შეიძლება გაუარესდეს და ეს საქართველოს უფრო დაუცველ მდგომარეობაში დატოვებს.

გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოს ადგილი არ შეიძლება იყოს სხვაგან, გარდა ნატოსა და დასავლური სამყაროსი. ეს არის საქართველოს რეალობა. 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში საბჭოთა კავშირში ყოფნის სამწუხარო გარემოებამ, ქართველი ხალხი ამისგან არ უნდა დააშოროს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ რუსულმა კავშირებმა, საქართველოში ან სომხეთსა თუ აზერბაიჯანში, კავკასიის რომელიმე ქვეყანაში, მათი არა საბჭოთა კავშირში, მაგრამ რუსეთის იმპერიაში დაბრუნება გამოიწვიოს.

ასე რომ, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკასთან დაკავშირებით პრობლემები არის, ეს ეჭვგარეშეა. მაგრამ, მე ამ პრობლემებთან დამაკმაყოფილებელ გამკლავებას, დახურულ კარს მიღმა ვარჩევდი”, – აღნიშნა ყოფილმა მრჩეველმა.

ბოლტონმა უპასუხა კითხვას შეერთებულ შტატებში ადმინისტრაციის ცვლილების შემთხვევაში საქართველოსთან მიმართებაში ამჟამინდელი პოლიტიკის გადახედვაზე, მათ შორის ახლახან სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შემოღებულ საქართველოსთან თანამშრომლობის გადახედვის ნაწილზეც.

ბოლტონის განცხადებით, წინ, პოტენციურად, ძალიან საშში პერიოდია.

„თუ გავითვალისწინებთ ვლადიმირ პუტინთან დონალდ ტრამპის ურთიერთობას, ძალიან მაწუხებს, რომ საქართველოში რუსეთის გავლენის გაზრდას ის უფრო დიდი კეთილგანწყობით შეხედავს, რაც ვფიქრობ ძალიან არასასურველია. ეს მაწუხებს. გახსოვდეთ, ტრამპმა ისტორიისა და გეოგრაფიის შესახებ ბევრი არაფერი იცის. ერთხელ, მან თეთრი სახლის მაშინდელ აპარატის უფროს ჰკითხა, იყო თუ არა ფინეთი ისევ რუსეთის ნაწილი. ის მიდრეკილია იმის მიმართ, თუ რას იტყვის ვლადიმირ პუტინი რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობაზე და ის შეიძლება რუსეთის მხარეზე გამოვიდეს. ასე რომ, ვფიქრობ წინ, პოტენციურად, ძალიან საშიში პერიოდია“, – ამბობს ჯონ ბოლტონი.

ყოფილმა მრჩეველმა ასევე ისაუბრა საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე. ბოლტონმა აღნიშნა, რომ ის ვერ ხედავს რაიმე რეალურ სარგებელს საქართველოსთვის.

„არ ვიცი, რატომ შეიძლება სურდეს საქართველოს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა. როდესაც კავკასიას ვსტუმრობდი, 2019 წელს, როცა თეთრ სახლში ვიყავი, ამ საკითხზე ჩვენ გვქონდა საუბარი [საქართველოს] მაშინდელ ხელისუფლებასთან. მას შემდეგ აშკარაა, რომ რუსეთ-ჩინეთის ახალი ღერძი, ცივი ომის დროს, ჩინეთისა და საბჭოთა კავშირის ალიანსს გვახსენებს. საქართველოს უკვე აქვს საზღვარი რუსეთთან და ფაქტობრივად, უკრაინის ომის გამო რუსეთში ჩინეთის გავლენის გათვალისწინებით, საქართველო ძალიან ახლოსაა საზღვარი ჰქონდეს ჩინეთთანაც. ეს არ არის საზღვარი, რომლის ქონაც შეიძლება თქვენ გსურდეთ. ჰკითხეთ ქვეყნებს, რომლებსაც არ შეუძლიათ ჩინეთს გეოგრაფიულად დაშორდნენ, როგორიცაა ინდოეთი და ვიეტნამი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები. ასე რომ, ვფიქრობ, ეს უბრალოდ ხაზს უსვამს, რომ ჩინეთი, „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის, სესხის დიპლომატიის და გულწრფელად რომ ვთქვა, აშკარა კორუფციის გზით, საქართველოს მსგავსი ქვეყნების სტრატეგიულ ურთიერთობაში მიზიდვას ცდილობს. ეს საქართველოსთვის კარგ შედეგს ვერ გამოიღებს”, – ამბობს ჯონ ბოლტონი.