ჰაინსბერგის მუნიციპალიტეტი, რომელიც ჩრდილო რაინ-ვესტფალიის მიწას ეკუთვნის, გერმანიაში Sars-Cov-2-ის გავრცელების ეპიცენტრად მიიჩნევა. რეგიონში გამართული კარნავალის შემდეგ ჰაინსბერგი იყო პირველი გერმანული მუნიციპალიტეტი, რომელშიც პათოგენი ფართოდ გავრცელდა და ადამიანთა ფართო მასები დააინფიცირა.
სწავლების ფარგლებში მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც პროფესორი ჰენდრიკ შტეეკი და პროფესორი გიუნტერ ჰარტმანი ხელმძღვანელობდნენ, ვირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებლის დასადგენად პირველი მასშტაბური კვლევა ჩაატარეს. კვლევის შედეგები უკვე ხელმისაწვდომია მეცნიერებისა და საჯარო აუდიტორიისთვის.
კვლევის ფოკუსი ინფექციის სიკვდილიანობის მაჩვენებლის (IFR) დადგენა იყო, რაც ინფიცირებული ადამიანების საერთო მაჩვენებელთან შეფარდებით ინფექციის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობის დადგენას გულისხმობს.
ინფექციის სიკვდილიანობის მაჩვენებელი განსხვავდება შემთხვევათა სიკვდილიანობის მაჩვენებლისგან (CFR). შემთხვევათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი გულისხმობს უკვე გამოვლენილ და დადასტურებულ შემთხვევებთან მიმართებით გარდაცვლილთა რაოდენობას, ინფექციის სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი – ჯერ არ გამოვლენილი და უკვე გამოვლენილი შემთხვევების ჯამურ რაოდენობასთან გარდაცვლილთა რაოდენობის თანაფარდობას.
მრავალ მიზეზთა გამო, ინფექციის სიკვდილიანობის მაჩვენებელი (IFR) მეტად სანდო პარამეტრად მიიჩნევა და, ფაქტია, რომ არსებობს საერთაშორისო მოთხოვნა და ინტერესი, გვქონდეს უფრო ზუსტი ინფორმაცია Sars-Cov-2-ის სიკვდილიანობის მაჩვენებლის შესახებ.
„ჩვენს ხელთ არსებული მონაცემთა ბაზა პირველად გვაძლევს შესაძლებლობას, გამოვთვალოთ, რა მასშტაბით გავრცელდა ვირუსი საკარნავალო ღონისძიებების შემდეგ. განგელტის ოლქის მოსახლეობის, დაახლოებით, 15 პროცენტი დაინფიცირდა. ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობა გვაძლევს შესაძლებლობას, გამოვთვალოთ ინფექციის სიკვდილიანობის მაჩვენებელი (IFR). ვირუსის აფეთქების შემდეგ განგელტის ოლქში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0,37 %-ია”, – აცხადებს წამყვანი მკვლევარი, პროფესორი ჰედნრიკ შტეეკი, რომელიც ბონის საუნივერსიტეტო კლინიკაში ვირუსოლოგიის ინსტიტუტს ხელმძღვანელობს.
ინფექციის სიკვდილიანობის მაჩვენებლისა და გარდაცვლილთა რაოდენობის მონაცემებზე დაყრდნობით მსგავს დემოგრაფიულ არეალებში, სადაც ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი შედარებით დაბალია, შესაძლებელი ხდება ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის გამოთვლა.
ამ მაჩვენებლის გამოვლენილი შემთხვევების მაჩვენებლებთან შედარებით შესაძლებელი ხდება არაიდენტიფიცირებული შემთხვევების რაოდენობის გამოთვლაც. განგელტში ეს მაჩვენებელი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას დაახლოებით 5-ჯერ აღემატება.
გერმანიაში ვირუსის შედეგად გარდაცვალების 6 700 შემთხვევის მაჩვენებლის ექსტრაპოლაციის შედეგად ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების 1,8 მილიონი შემთხვევაა ნავარაუდევი, რის მიხედვითაც, არაიდენტიფიცირებული შემთხვევების რაოდენობა დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას (3 მაისის მონაცემებით – 162 496) 10-ჯერ აღემატება.
„ეს შედეგები ვირუსის ტრანსმისიის შესახებ არსებული მოდელის გასაუმჯობესებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ, ვინაიდან აქამდე არსებული მონაცემთა ბაზა შედარებით არასაიმედო იყო” , -– განაცხადა ბონის საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური ქიმიისა და კლინიკური ფარმაკოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიუნტერ ჰარტმანმა.
კვლევა ვირუსის შემდგომი კვლევისთვის საჭირო სხვა მაჩვენებლებსაც უზრუნველყოფს, როგორიცაა: ასაკის მიხედვით ინფიცირების რისკები, გენდერი და თანმდევი ჯანმრთელობის პრობლემები, ვირუსის მომატებული სიმწვავე მისი მასობრივად გავრცელების შემთხვევების დროს (განგელტის მაგალითზე), ან ოჯახის შიგნით ვირუსის გავრცელების რისკი.
ინფიცირების შემთხვევების 20% ასიმპტომატურია
სიმპტომების აღწერილობა კიდევ ერთი ასპექტია, რომელსაც კვლევა მოიცავს. ყნოსვისა და გემოს აღქმის უნარის დაკარგვა, რომელიც პროფესორმა შტეეკმა აღმოაჩინა, ინფექციის ყველაზე აშკარა სიმპტომებია.
საინტერესოა, რომ განგელტში ინფიცირებულ ადამიანთა 22%-ს ვირუსი ასიმპტომატური ფორმით სჭირს. იმ ადამიანებს, რომლებმაც კარნავალში მიიღეს მონაწილეობა, უფრო ხშირად სჭირდათ სიმპტომები.
„იმისათვის, რომ გამოვიკვლიოთ, ჰქონდა თუ არა, ფიზიკურ სიახლოვესა და ჰაერწვეთოვანი მასების მზარდ წარმოქმნას კარნავალის მონაწილეთა შორის ინფექციის მეტად მწვავე ფორმით გავრცელებასთან კავშირი, ჩვენ ჰიგიენის სპეციალისტებთან თანამშრომლობით დამატებითი კვლევების წარმოებას ვგეგმავთ”, – განაცხადა პროფესორმა ჰარტმანმა.
„ის ფაქტი, რომ ხუთიდან ერთ შემთხვევაში ინფექცია უსიმპტომო ფორმით იჩენს თავს, ცხადყოფს, რომ იმ ადამიანთა იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც ვირუსს გამოყოფენ და, შესაბამისად, სხვებს გადასდებენ, დაავადების ნაცნობ სიმპტომებზე დაყრდნობით ვერ განხორციელდება”, – აცხადებს პროფესორი მარტინ ექსნერი, ჰიგიენისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს დისტანციისა და ჰიგიენის ზოგადი წესების დაცვის მნიშვნელობას პანდემიის პერიოდში. „ყველა ჯანმრთელი ადამიანი, რომლებსაც ყოველდღიურად ვხვდებით, შესაძლებელია, გაუცნობიერებლად ვირუსის მატარებელი იყოს. ჩვენ უნდა გვესმოდეს ეს და ამ ინფორმაციასთან შესაბამისობაში ვმოქმედებდეთ”, – განაცხადა ჰიგიენის ექსპერტმა.
მრავალრიცხოვანი ოჯახების კვლევამ აჩვენა, რომ სხვა ადამიანების ინფიცირების რისკი საგრძნობლად დაბალია. „ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი ბავშვებში, ზრდასრულებსა და მოხუცებში მსგავსია და შესაბამისად არ არის დამოკიდებული ასაკობრივ ჯგუფზე”, – აცხადებს პროფესორი შტრეეკი. ასევე არ იკვეთება მნიშვნელოვანი განსხვავებები გენდერული ნიშნის მიხედვით.
„რა დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას იძლევა აღნიშნული კვლევა, მრავალ ისეთ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომლებიც სამეცნიერო მსჯელობის ფარგლებს სცდება”, – აცხადებს პროფესორი შტრეეკი. „შედეგების შეფასება და მათი გავლენა კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე საზოგადოებისა და პოლიტიკოსების პასუხისგმებლობაა”.