უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა ევროპული საბჭოს სხდომის წინ ისაუბრა საქართველოზეც და აღნიშნა, რომ ქვეყანაში აშკარა დემოკრატიული უკუსვლაა. მისი თქმით, ამ არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეებს მოუწევთ არჩევანი გააკეთონ, რომელი გზით სურთ სვლა.
„საქართველოში აშკარა დემოკრატიული უკუსვლაა. მომდევნო არჩევნები იქნება ჭეშმარიტების მომენტი და ქართველ ხალხს მოუწევს გადაწყვიტოს, რომელი გზით სურს სვლა: ევროპისკენ თუ ევროპისგან შორს. ეს ჩვენთვის და კიდევ უფრო მეტად ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან ქვეყნის მომავალი დგას სასწორზე”, – განაცხადა ბორელმა.
გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა 17 ოქტომბერს დაგეგმილი სხდომის წინ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისადმი მიწვევის წერილი გამოაქვეყნა, სადაც ისაუბრა არსებულ გამოწვევებსა და განსახილველ საკითხებზე. ის ხაზს უსვამს, რომ მსჯელობის ერთ-ერთი მიმართულება იქნება საქართველოც, რადგან ქვეყანა, მოლდოვასთან ერთად, გადამწყვეტი ეტაპის წინაშე დგას.
ის წერილში მიუთითებს, რომ ევროპული საბჭოს სხდომაზე უკრაინა მთავარი საკითხი იქნება და წევრები ვოლოდიმირ ზელენსკისგან მოისმენენ მის გამარჯვების გეგმას.