ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზებ ბორელი აშშ-ს ისრაელისთვის იარაღის დაფინანსების გამო მწვავედ აკრიტიკებს, მაშინ, როცა პარალელურად დაღუპულების გამო წუხს.
„რამდენჯერ მოგისმენიათ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების ლიდერებისა და საგარეო საქმეთა მინისტრებისგან ნათქვამი, რომ „ძალიან ბევრ ადამიანს ხოცავენ? და რომ ეს მეტისმეტია?”. თუ ფიქრობთ, რომ მეტისმეტად ბევრ ადამიანს ხოცავენ, იქნებ ნაკლები იარაღი მიაწოდოთ, რათა ამდენი ადამიანის მოკვლა თავიდან აირიდოთ?” – თქვა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში პრესკონფერენციაზე.
ბორელმა ასევე თქვა, რომ 2006 წელს აშშ-მ ლიბანის წინააღმდეგ ომში მიიღო გადაწყვეტილება, შეეწყვიტა იარაღის მიწოდება ისრაელისთვის, ვინაიდან თავად ისრაელს ომის შეწყვეტა არ სურდა.
„ზუსტად იგივე მდგომარეობა იყო, რაც დღეს ხდება”, – თქვა მან.
EU-ის უმაღლესი წარმომადგენელმა ეს განცხადება პალესტინელი ლტოლვილებისთვის გაეროს სააგენტოს, UNRWA-ს ხელმძღვანელთან, ფილიპ ლაზარინისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ისრაელი ითხოვს, ლაზარინიმ თანამდებობა დატოვოს, ვინაიდან მის თანამშრომლებს ტერორისტულ დაჯგუფება „ჰამასთან” თანამშრომლობაში სდებს ბრალს.
13 თებერვალს აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის $95-მილიარდიან დახმარებას. თუმცა, საგარეო დახმარების აქტი ჯერაც არ არის მიღებული, ვინაიდან კონგრესმენი რესპუბლიკელები კენჭისყრაზე უარს ამბობენ.
აშშ-ის დახმარება, დამტკიცების შემთხვევაში მოიცავს $61 მილიარდს უკრაინისთვის, $14 მილიარდს ისრაელისთვის ჰამასის წინააღმდეგ საბრძოლველად და $4.83 მილიარდს ტაივანისთვის, რათა მან ჩინეთის აგრესია შეაკავოს.
ასევე, $9.15 მილიარდი გამოიყოფა ღაზის სექტორსა და დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელთა დახმარებისთვის, ისევე, როგორც უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გასაგზავნად.
აღსანიშნავია, რომ უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარება ერთად უნდა იქნას მიღებული. უკრაინამ, რომელიც უკვე 2 წელია, რუსეთის აგრესიას ებრძვის, უკვე არაერთხელ შეახსენა აშშ-ს იარაღის მარაგების შემცირების შესახებ, პარალელურად კი რუსეთმა თავდასხმები განაახლა.
12 თებერვალს, გამთენიისას ისრაელმა ღაზის სექტორში მდებარე ქალაქ რაფაში იერიში მიიტანა – ადგილობრივი ჯანდაცვის უწყებები აცხადებენ, რომ თავდასხმის დროს 67 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათობით დაშავდა. პარალელურად, ისრაელმა 2 მძევალი გაათავისუფლა.
7 ოქტომბრის დილას ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო – ისროლა რამდენიმე ათასი რაკეტა და რამდენიმე ადგილას სახმელეთო საზღვარი გაარღვია, მოკლა და/ან გაიტაცა ასობით ადამიანი. თავდასხმა ერთდროულად დაიწყო ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან.
„ჰამასის“ პასუხად ისრაელმა „ანტიტერორისტული ოპერაცია” დაიწყო და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშები მიიტანა. მას შემდეგ ღაზის სექტორის დაბომბვა არ წყდება. დაღუპულ პალესტინელთა რიცხვი 28 ათასს აღემატება.
26 იანვარს გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ თქვა, რომ „სამხრეთ აფრიკის [სარჩელის ავტორი სამხრეთ აფრიკა იყო] მტკიცებულებები და არგუმენტები ისრაელის წინააღმდეგ ღაზაში პალესტინელთა მიმართ ჩადენილი ქმედებების შესახებ დამაჯერებელია და ისრაელის ზოგიერთი ქმედება გენოციდის კონვენციის ფარგლებში ჯდება.
გადაწყვეტილების თანახმად, ისრაელმა უნდა მიიღოს ზომები გენოციდის პირდაპირი წაქეზების აღსაკვეთად და დასასჯელად. მან უნდა უზრუნველყოს, რომ მისი სამხედროები არ ჩაიდენენ გენოციდს და მიიღოს ზომები ჰუმანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
ასევე, გადაწყვეტილების თანახმად, ისრაელმა უნდა მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები, რათა გააუმჯობესოს ჰუმანიტარული ვითარება ღაზაში.