ბორელი: ჩვენი [დასავლეთის] რეაქცია რბილი იყო, როცა რუსეთი 2008-ში საქართველოში შეიჭრა

პუბლიკა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა 10 ივლისს, NATO-ს ვაშინგტონის სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ 2008 წელს, როცა რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ალიანსის რეაქცია რბილი იყო.

მისი თქმით, 75 წლის წინ, NATO-ს შექმნით მათ ერთიანობით უპასუხეს რუსეთს/საბჭოთა კავშირს – აშშ და ევროპის თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოები იყვნენ კოლექტიური თავდაცვის ერთგულები.

„ცივი ომის დასრულების შემდეგ დასავლეთს სჯეროდა, რომ თავისუფლება, მშვიდობა და დემოკრატია არა მხოლოდ სავარაუდო მომავალი, არამედ იყო „საჩუქარი”, რომელსაც დაცვა არ სჭირდებოდა. დღეს კი აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ მათ ვერ მივიღებთ, როგორც „საჩუქარს და მათ დაცვა სჭირდება.

1999 წელს ვლადიმირ პუტინმა ამოხოცა ხალხი ჩეჩნეთი და ჩაერია სირიის ომში.

ჩვენი რეაქცია რბილი იყო, როცა რუსეთი 2008 წელს საქართველოში შეიჭრა, ვიყავით გულგრილები, როცა რუსეთი 2014 წელს ყირიმის ანექსიას ახორციელებდა.

ჩვენ არ გვინდოდა, დაგვენახა ის, რაც ცხადია: რომ პუტინს სურს, სამეზობლოზე იბატონოს. პუტინს ხელი არ აუღია თავისი იმპერიალისტური მიზნების განხორციელებაზე.

რუსეთი კვლავ იქცევა, როგორც იმპერია, პუტინს სურს, აღადგინოს იმპერია – იქნება ეს ცარისტული თუ საბჭოთა.

2022 წლის თებერვალში, როცა რუსეთმა კიევის დაბომბვა დაიწყო, ჩვენ ამ უბედურ რეალობაში გავიღვიძეთ და ვნახეთ, რომ ცუდად ვიყავით მომზადებული”, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

მისივე განცხადებით,  დღეს ფრონტის ხაზი უკრაინაა და ევროპის უსაფრთხოების მომავალი უკრაინაში გადაწყდება.

„ჩვენ ვიცით, რომ მომავალში თავდაცვის ინდუსტრია მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, რადგან გვესმის, რომ თუ პუტინის რუსეთს მივცემთ უფლებას, უკრაინა მეორე ბელარუსად გადააქციოს და კიევში „მარიონეტული მთავრობა“ დასვას, გაცილებით მაღალი საფასურის გადახდა მოგვიწევს. უკრაინის გამარჯვებას ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს”, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.