ბორელი: EU-ის 27 ქვეყნიდან 26 ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს

პუბლიკა

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნიდან 26 თანახმაა, მოითხოვოს დაუყოვნებლივი ჰუმანიტარული პაუზა ღაზის სექტორში.

„რაც ცეცხლის მდგრად შეწყვეტას, მძევლების უპირობო გათავისუფლებასა და ჰუმანიტარული დახმარების გაწევას გამოიწვევს“.

თუმცა, ჯოზეფ ბორელმა არ დააკონკრეტა, რომელია ის 1 ქვეყანა, რომელიც არ თანხმდება ისრაელის მიერ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებას.

14 თებერვალს ბორელმა ამერიკის შეერთებული შტატები გააკრიტიკა ისრაელის იარაღის დაფინანსების გამო, მაშინ, როცა პარალელურად ღაზაში დაღუპულების გამო წუხს.


7 ოქტომბრის დილას ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო – ისროლა რამდენიმე ათასი რაკეტა და რამდენიმე ადგილას სახმელეთო საზღვარი გაარღვია, მოკლა და/ან გაიტაცა ასობით ადამიანი. თავდასხმა ერთდროულად დაიწყო ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან.

„ჰამასის“ პასუხად ისრაელმა „ანტიტერორისტული ოპერაცია” დაიწყო და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშები მიიტანა. მას შემდეგ ღაზის სექტორის დაბომბვა არ წყდება. დაღუპულ პალესტინელთა რიცხვი 28 ათასს აღემატება.

26 იანვარს გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ თქვა, რომ „სამხრეთ აფრიკის [სარჩელის ავტორი სამხრეთ აფრიკა იყო] მტკიცებულებები და არგუმენტები ისრაელის წინააღმდეგ ღაზაში პალესტინელთა მიმართ ჩადენილი ქმედებების შესახებ დამაჯერებელია და ისრაელის ზოგიერთი ქმედება გენოციდის კონვენციის ფარგლებში ჯდება.   

გადაწყვეტილების თანახმად, ისრაელმა უნდა მიიღოს ზომები გენოციდის პირდაპირი წაქეზების აღსაკვეთად და დასასჯელად. მან უნდა უზრუნველყოს, რომ მისი სამხედროები არ ჩაიდენენ გენოციდს და მიიღოს ზომები ჰუმანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ასევე, გადაწყვეტილების თანახმად, ისრაელმა უნდა მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები, რათა გააუმჯობესოს ჰუმანიტარული ვითარება ღაზაში.

თუმცა, ისრაელი არ ასრულებს ICJ-ის გადაწყვეტილებას და კვლავ აგრძელებს იერიშების მიტანას იმ ადგილებში, სადაც თავს მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებს.