ბორელი: ევროკავშირისა და სომხეთის ურთიერთობები ისეთი მტკიცეა, როგორც არასდროს

პუბლიკა

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირისა და სომხეთის ურთიერთობები ისეთი მტკიცეა, როგორც არასდროს და არსებობს ორმხრივი ინტერესი მომავალში მათი განვითარებისთვის. ამის შესახებ ბორელმა სომხეთის, ევროკავშირისა და აშშ-ს სამმხრივი შეხვედრის დროს განაცხადა.

ბორელის თქმით, სომხეთთან პარტნიორობა ახალ საფეხურზე გადადის.

„ორი თვის წინ ბრიუსელში სომხეთთან თანამშრომლობის საბჭოს სხდომა გაიმართა. ნათელი იყო, რომ ჩვენი ურთიერთობები პოზიტიურად ვითარდება. ისინი ისეთი მტკიცეა, როგორც არასდროს და არსებობს ორმხრივი ინტერესი მომავალში მათი განვითარებისთვის. სწორედ ამას ვაკეთებთ დღეს აქ. ჩვენ პარტნიორობა ახალ საფეხურზე გადაგვყავს. ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან ერთად ვაერთიანებთ ძალებს, რათა გამოვხატოთ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა სომხეთის დამოუკიდებლობის, დემოკრატიულობისა და მედეგობის მიმართ.

ჩვენ გვსურს გავაერთიანოთ ძალები, რათა გავაძლიეროთ და კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები სომხეთთან ყველა მიმართულებით“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ამასთან, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, მათ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მარზოიანთან შეათანხმეს, საპარტნიორო საბჭოს ფარგლებში სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის დღის წესრიგის შექმნა და უმაღლეს დონეზე აყვანა. ბორელის თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოსცა მედეგობისა და განვითარების პაკეტი სომხეთისთვის, რომელიც მხარს უჭერს პარტნიორობას და დღის წესრიგის შექმნას.

„ჩვენ ვიცით, რომ სომხეთმა უნდა გააგრძელოს მუშაობა რეფორმებზე, რათა გაზარდოს მათი მედეგობა. ეს ძალისხმევა ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმების ნაწილი იქნება. ეს გაზრდის სომხური საზოგადოების მედეგობას. ჩვენ შეხვედრამდე ვნახეთ, რომ სომხეთი სულ უფრო მეტად ხდება უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის სამიზნე. ჩვენი ვალდებულების ნაწილია, დაგეხმაროთ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში და საზოგადოებას დავანახოთ საქმის კეთების სწორი გზა და მედიაწიგნიერების გაუმჯობესება.

ჩვენ გვჯერა, რომ უფრო ძლიერი და სტაბილური სომხეთი ნიშნავს უფრო ძლიერ და სტაბილურ სამხრეთ კავკასიას. ჩვენი მუშაობა სარგებელს მოუტანს რეგიონის ყველა ქვეყანას“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

დღეს სომხეთს ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი თავის X-ზე (twitter-ზე) წერს, რომ შეხვედრა ემსახურებოდა თანამშრომლობის გაფართოებას სომხეთის ეკონომიკური, ჰუმანიტარული და დემოკრატიული მედეგობის გასაძლიერებლად.