ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ უნგრეთის პრემიერი ორბანი, რომელიც საქართველოში სავარაუდოდ, მთავრობისთვის მხარდაჭერის საჩვენებლად ჩამოდის, ევროკავშირს არ წარმოადგენს.
„ის საქართველოში მიემგზავრება (…), სავარაუდოდ, რომ აჩვენოს მისი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას. ბატონმა ორბანმა რაც უნდა თქვას ვიზიტის დროს, ის არ წარმოადგენს ევროკავშირს“, – ამბობს ბორელი.
იგივე განაცხადა გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმაც:
„დაზუსტების მესიჯი ქართველ მეგობრებს: როცა ვიქტორ ორბანი თბილისში ჩამოვა, ის ისაუბრებს უნგრეთის მთავრობის სახელით და არა ევროკავშირის სახელით“, – წერს საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი X-ზე.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ორბანის ვიზიტი ხალხზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდენის მცდელობაა.
DW-ის ჟურნალისტმა მას ჰკითხა, როგორ შეაფასებდა ორბანის ვიზიტს იმ ფონზე, რომ უნგრეთი ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, ვიქტორ ორბანმა კი „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„არა მგონია, რომ მას ევროკავშირის მანდატი ჰქონდეს და ვფიქრობ, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის, რომელიც პოლიტიკაში კარგად გარკვეულია, აშკარაა, რომ თუ ის ჩამოდის, ის ჩამოდის მხოლოდ როგორც ამჟამინდელი მმართველი უმრავლესობის მეგობარი. ეს მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების ახალი მცდელობაა, მაგრამ ჩვენ ამაზე გამძლეები ვართ“, – თქვა მან.
დღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი საქართველოში ჩამოდის.
„29 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. უნგრელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ”, – აღნიშნავენ მთავრობაში.
27 ოქტომბერს ვიქტორ ორბანმა პლატფორმა X-ზე დაწერა და ირაკლი კობახიძეს არჩევნებში „აბსოლუტური გამარჯვება” მიულოცა.
„საქართველოს მოსახლეობამ იცის, რა არის მათი ქვეყნისთვის საუკეთესო”, – დაწერა ორბანმა.