ბორელი: შევამცირებთ პოლიტიკურ კონტაქტებს საქართველოს ხელისუფლებასთან, გავყინავთ მხარდაჭერას მთავრობისთვის

პუბლიკა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსული კანონის მიღების გამო, შემცირდება პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე გაიყინება მხარდაჭერა მთავრობისთვის და გადაიხედება ევროპული საკრედიტო დაფინანსების ხაზები. ბორელი ამბობს, რომ ამ ზომების მიღება დაუყოვნებლივაა შესაძლებელი.

ამის შესახებ მან ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შეხვედრაზე დღეს საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.

„ჩვენ განვიხილეთ ბოლო მოვლენები. გული გვწყდება, რომ ევროკავშირზე და მის ღირებულებებზე არასწორი ინფორმაციები ვრცელდება. უმაღლეს დონეზე გაკეთებული განცხადებები გასაოცარია, რომ მათი პოზიციით, ეს კანონი აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან.

მე მინდა, მკაფიო ვიყო. არა, ეს კანონი აშორებს საქართველოს ევროკავშირისგან. ამაზე უფრო ნათლად ვერ გამოვხატავთ. ეს საქართველოს აშორებს ევროკავშირს. აღნიშნულ განცხადებას 26-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 27-დან. კონსესუსი არ გვჭირდება, რომ შევაფასოთ სიტუაცია.

დინამიკა მიდის საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის სურვილის წინააღმდეგ და მინისტრების უმრავლესობა ნათლად აცხადებს, რომ ევროკავშირს შორდება საქართველო. საქართველოს ხელისუფლებამ თუ არ შეიცვალა მოძრაობის მიმართულება, საქართველო ვერ დაუბრუნდება ევროპულ გზას. ნათლად და კონკრეტულად ვაცხადებ ამას – თუ არ შეცვლის თავის კურსს, საქართველო ვერ მიაღწევს პროგრესს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

პარალელურად, ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მისამართით, რათა ებრძოლოს დეზინფორმაციას და მხარი დაუჭიროს საარჩევნო პროცესს. მე დავარიგე სპეციალური დოკუმენტი და გავაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს. განვახორციელებთ ყველა საჭირო ზომას. შევამცირებთ პოლიტიკურ კონტაქტებს საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე გავყინავთ მხარდაჭერას მთავრობისათვის და ევროპული საკრედიტო დაფინანსების ხაზებსაც გადავხედავთ. ეს მოხდება დაუყოვნებლივ. ჩვენ დავაკვირდებით სიტუაციას და მივიღებთ დამატებით ზომებს სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში”, – განაცხადა ბორელმა.