საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი რუსული კანონის წინააღმდეგ აქციის დაშლას ეხმაურება და ამბობს, რომ შეკრების უფლების ჩასახშობად ძალის გამოყენება მიუღებელია.
„მე მკაცრად ვგმობ საქართველოში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას – ისინი მშვიდობიანად ატარებდნენ დემონსტრაციას უცხოური გავლენის კანონის წინააღმდეგ. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების უფლება. მის ჩასახშობად ძალის გამოყენება მიუღებელია”, – ნათქვამია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო, 63 ადამიანი დააკავეს.
ამასთან, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თვითონ შეიჭრა პოლიციის კორდონში და წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღო.