ბორელის განცხადებით, გოლანის მაღლობზე თავდასხმასთან დაკავშირებით საჭიროა დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება

პუბლიკა

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი გოლანის მაღლობზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება. ამის შესახებ ბორელმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„მე მკაცრად ვგმობ ამ სისხლისღვრას. ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება ამ მიუღებელი ინციდენტის შესახებ.

მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ უკიდურესი თავშეკავება და თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია”, – წერს ბორელი  X-ზე.

გუშინ, 27 ივლისს გოლანის მაღლობის ჩრდილოეთზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმის შედეგად, არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 11-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაშავებულია 30-მდე ადამიანი.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ რაკეტა საფეხბურთო მოედანზე ჩამოვარდა.

ისრაელი მომხდარზე პასუხისმგებლობას „ჰეზბოლას“ აკისრებს, რასაც „ჰეზბოლა“ კატეგორიულად უარყოფს.

მომხდართან დაკავშირებით ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ჰეზბოლა ამისთვის „მძიმე საზღაურს გადაიხდის“.