„კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან“, – ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს – მის განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
„შემოთავაზებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება და ასევე მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. ის ასევე არსებითია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის და არის 12 პრიორიტეტის ნაწილი, კერძოდ #7 პრიორიტეტისა, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით და #10 პრიორიტეტისა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ეხება“, – წერია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას რეფორმების განხორციელების კუთხით, რაც ეხმაურება ქვეყნის მისწრაფებებს განვითარებასა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაში არის გაცხადებული.
„მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მიიღონ და განახორციელონ რეფორმები, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს“, – აღნიშნავს ჯოსეფ ბორელის პრესსპიკერი.