ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინიდან დიპლიმატების ოჯახებს არ გაიყვანს.
მისი განცხადება მოჰყვა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, მოსალოდნელი რუსული საფრთხის პირობებში, უკრაინიდან დიპლომატების ოჯახები უნდა გაიყვანონ.
„ჩვენ არ ვაპირებთ იმავეს გაკეთებას. ამის კონკრეტული მიზეზები არ გვაქვს. არ ვიცით, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება აშშ-მა, თუმცა, ენტონი ბლინკენი ინფორმაციას მოგვაწოდებს“, – თქვა ბორელმა.
გუშინ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 24 იანვარს უკრაინაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს ნებაყოფლობით უკრაინის დატოვების უფლება მისცა, ხოლო თანამშრომლების ოჯახის წევრებს – ქვეყნის დატოვების მითითება.
უკრაინაში აშშ-ის საელჩოს განმარტებით, თანამშრომლებს ქვეყნის დატოვება სურვილისამებრ შეუძლიათ და ეს სავალდებულო არ არის, თუმცა საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებმა უკრაინა უნდა დატოვონ. საელჩოს განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება „რუსეთისგან მომავალი ზრდადი საფრთხით არის განპირობებული“.