ბორელის ტვიტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე აღარ იძებნება

პუბლიკა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელის ტვიტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე აღარ იძებნება.

მან რუსეთის მიმართ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებზე გამოხმაურებისას ტვიტერზე დაწერა: „არავითარი შოპინგი მილანში, წვეულებები სენ-ტროპეში, ბრილიანტები ანტვერპენში. ეს არის პირველი ნაბიჯი”. სწორედ აღნიშნული პოსტი აღარ იძებნება სოციალურ ქსელში.

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების – დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების აღიარების შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთის დუმის წევრებს, 27 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა.

Reuters-ის ცნობით, სანქციები, რომლებიც, რუსეთის დუმის წევრებისთვის დაწესდება, როგორც წესი, მოგზაურობის აკრძალვასა და აქტივების გაყინვას გულისხმობს.