ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა | რა განცხადებები გაკეთდა ბრიფინგზე

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა. მან შეხვედრა გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან. შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე ორი ქვეყნის ლიდერმა განცხადებები გაავრცელეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

როგორ ბორის ჯონსონმა აღნიშნა, უკრაინა და ევროპა მწარე რეალობის წინაშე დგას, რადგან 100 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი უკრაინის საზღვართან დგას. ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდება მაშინვე, როგორც კი რუსეთი უკრანის ტერიტორიაზე რაიმე სახით შეიჭრება.

მან ასევე დასძინა, რომ უკრაინა რუსეთს გაუწევს „სასტიკ წინააღმდეგობას“ თუ ისინი ქვეყანაში შემოიჭრებიან. მან ბრიფინგზე მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რომ უკან დაიხიოს და ასევე მოუწოდა რუსეთის საზოგადოებას, რომ დაფიქრდნენ შესაძლო საფრთხეზე.

ბრიტანეთის პრემიერის თქმით, ისინი ყოველთვის მხარს დაუჭერენ უკრაინის თავისუფლებას, დემოკრატიას, სუვერენიტეტს და მისი თქმით, ეს არ არის რუსეთის მიმართ მტრობის გამოხატულება.

„​როცა აქ ვდგავართ, ასი ათასი რუსი სამხედრო მობილიზებულია უკრაინის საზღვართან. რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობის გაგრძელება იქნება კატასტროფა როგორც სამხედრო, ისე ჰუმანიტარული კუთხით“, –  განაცხადა ჯონსონმა.

ჯონსონმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას ფინანსურად დამატებით დაეხმარება.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დიდ ბრიტანეთს მხარდაჭერისთვის. კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, რომ დახიონ უკან და გაიყვანონ ჯარები საზღვრიდან.

„ჩვენ არ გვჭირდება სიტყვები. უბრალოდ გადადგით ეს ერთი ნაბიჯი… ვიცი, რომ ბევრ რუსს არ სურს ბრძოლა და სიკვდილი უკრაინის წინააღმდეგ ომში“,-  თქვა მან.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უმჯობესი იქნება თუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რუსეთის უკრაინაში შემოჭრამდე ამოქმედდება.

„უმჯობესია შემოჭრის პრევენცია მოვახერხოთ, ვიდრე შემდეგში გამოვასწოროთ მდგომარეობა“, – თქვა მან.

ზელენსკის განცხადებით, მოლაპარაკებები გრძელდება რუსეთთან, მაგრამ „ვერავინ იწინასწარმეტყველებს, რა შეიძლება მოხდეს“.

მან აღნიშნა, რომ ის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან შეთანხმდა შავ ზღვაში უსაფრთხოების ერრთობლივად გაძლიერებაზე.

„დიდმა ბრიტანეთმა 1.7 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ოდენობით დახმარება გაგვიწია. ეს თანხა დაიხარჯება უკრაინის ფლოტის განვითარებაში“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

ჟურნალისტებმა ბორის ჯონსონს კითხეს, თუ რატომ გადაიდო ვლადიმერი პუტინთან მისი სატელეფონო საუბარი, რაზეც ჯონსონმა უპასუხა, რომ პუტინთან სატელეფონო საუბარი ხვალ, 2 თებერვალს შედგება.