ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკასთან ტესტ-მატჩებს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნიან

პუბლიკა

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2 და 9 ივლისს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლოგოიანი კვართებით ითამაშებს.

ინიციატივა საქართველოს რაგბის კავშირისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის პარტნიორობის ნაწილია, რომლის შესახებაც მხარეები წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ.

აღსანიშნავია, რომ ზაფხულის ტესტ-მატჩები განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია: სამხრეთ აფრიკისთვის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ეს პირველი თამაშებია. ამას გარდა, 2003 წლის შემდეგ საქართველოს და სამხრეთ აფრიკის გუნდები ერთმანეთს პირველად ხვდებიან. რაც მთავარია: მატჩებს რაგბის სამყარო განსაკუთრებით ელოდება, რადგანაც, პანდემიის გამო, არაერთი მასშტაბური ღონისძიება, მათ შორის სპორტულიც, ხანგრძლივად იყო შეჩერებული.

როგორც ცნობილია, 17 ივლისს ბორჯღალოსნები „დინამო არენაზე“ შოტლანდიის ნაკრებს უმასპინძლებენ, მოედანზე კვლავაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლოგოიანი კვართებით გავლენ და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ.

ქართველ მორაგბეებს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან დიდი ხნის პარტნიორობა აკავშირებთ. თანამშრომლობა ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში კაცების მონაწილეობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ქართველმა მორაგბეებმა ამ მოძრაობას, გაეროს გენერალური მდივნის კამპანიის „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ – UNiTE to End Violence against Women და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სოლიდარობის მოძრაობა გენდერული თანასწორობისთვის HeforShe ეგიდით, არაერთი საერთაშორისო მატჩი მიუძღვნეს. ამასთან, ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით ადგილობრივ კაცებსა და ბიჭებს ხვდებიან და მათ ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის დაუშვებლობაზე ესაუბრებიან.