„ბორჯომის“ პირველ ჩამომსხმელ ქარხანასთან გაფიცული თანამშრომლების აქცია დღეს დაპირისპირების ფონზე გაგრძელდა. აქციის მონაწილეებმა ქარხნის ერთ-ერთი შესასვლელი გადაკეტეს და კომპანიის მიკროავტობუსს გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ. თუმცა ადგილზე მობილიზებული პოლიციის თანამშრომლები ჩაერთნენ და ძალის გამოყენებით მიკროავტობუსს გზა გაუთავისუფლეს.
მეორე ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც კომპანია ცდილობდა, რომ ქარხნის ტერიტორიაზე დასაქმებულები ავტომობილით შეეყვანა, თუმცა აქციის მონაწილეები ამის საშუალებას არ აძლევდნენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რამდენიმე ადამიანი შეხლა-შემოხლის დროს დაშავდა.
„ქარხნის ადმინისტრაცია პოლიციას იყენებს ჩვენ წინააღმდეგ. პირდაპირი მსახურება შეინიშნება ამ ეტაპზე. ომი გამოგვიცხადეს უკვე, პირდაპირ პროვოკაციას გვიწყობენ უკვე, ვითხოვთ რეაგირებას გენერალური ინსპექციისგან“, – ამბობს აქციის ერთ-ერთ მონაწილე.
„კატეგორიულად მიუღებელია პროტესტის მონაწილეების მხრიდან აგრესიული ქმედებები და ზეწოლა იმ თანამშრომლების მიმართ, ვინც შემოდის ქარხანაში და განაგრძობს მუშაობას, – ამის შესახებ კომპანია „IDS ბორჯომი“ აცხადებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მიესალმებიან მედიაციის პროცესს, რომლის მიზანიც ვითარების ნორმალიზება და კონსტრუქციულ ჭრილში გადატანა.
31 მაისს ბორჯომის ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ, – როგორც დარგობრივი პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე აცხადებს, გაფიცულია 400-მდე თანამშრომელი.
- უკანონოდ გათავისუფლებული 50 ადამიანის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენა;
- ხელფასების დარიცხვა;
- ძველ შრომით პირობებზე დაბრუნება;
- უვადო ხელშეკრულებებს ყველა დასაქმებულისთვის და ხელფასების 25%-ით ზრდა;
- შანტაჟის, მუქარისა და იძულების ფაქტების აღმოფხვრა მასში მონაწილე ადმინისტრაციის ცალკეული პირების სამსახურიდან გათავისუფლება და პასუხისგებაში მიცემა;
- კოლექტიური შეთანხმების გაფორმება;
- და სხვა დეტალები, რომლებიც მნიშვნელოვანია ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო პირობებისთვის.
„IDS ბორჯომმა“ სანქციების გამო წარმოების დროებით გაჩერების შემდეგ დასაქმებულებს ხელშეკრულების ახალი პირობები შესთავაზა.
მოგვიანებით კომპანიამ 49 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. როგორც კომპანია აცხადებს, „თანამშრომელთა მცირე ნაწილისთვის” მისაღები არ აღმოჩნდა ხელშეკრულების შეცვლილი პირობები, რის გამოც რეორგანიზაციის პროცესი დაიწყეს.
დასაქმებულები ამბობდნენ, ისინი გაგებით ეკიდებოდნენ კომპანიაში შექმნილ ვითარებას, თუმცა მოითხოვენ, რომ ხელშეკრულების ახალი პირობების მოქმედებაზე დაწესებულიყო ვადა – 3 თვე. ამ პერიოდის შემდეგ კი თავიდან შეფასებულიყო ვითარება და შრომის ანაზღაურების საკითხიც შესაბამისად გადაწყვეტილიყო.
ამ საკითხზე „IDS ბორჯომი საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა 6 ივნისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ხელფასების საკითხზე აღნიშნულია, რომ კომპანიას არცერთ ახალი კადრი არ აუყვანია.
„როგორც უკვე განვაცხადეთ, ამ ეტაპზე, ბორჯომის ჩამომსხმელი N1 და N2 ქარხნები მუშაობს მინიმალური დატვირთვით, მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის. მოგეხსენებათ, საექსპორტო ბაზრების უმეტეს ნაწილთან დაკავშირებით (80%) ვითარება გაურკვეველია.
ხაზგასმით გვინდა, აღვნიშნოთ, კომპანიას არცერთი ახალი კადრი არ აუყვანია. რაც შეეხება ხელფასების დაგვიანების შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას, მოგეხსენებათ, კომპანიის ანგარიშები არის გაყინული, რის გამოც შეზღუდული გვაქვს ფინანსური რესურსი, ამიტომ პირველ რიგში ირიცხება იმ თანამშრომლების ანაზღაურება, ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული“, – აცხადებს კომპანია.