„ბორჯომში" დასაქმებულები ანაზღაურების წესთან დაკავშირებით დირექტორთან შეხვედრას მოითხოვენ

პუბლიკა

მინერალური წყლების მწარმოებელი კომპანია „IDS ბორჯომი“ სანქციების გამო წარმოების დროებით გაჩერების შემდეგ დასაქმებულებს ხელშეკრულების ახალ პირობებს სთავაზობს, რაც შრომის ანაზღაურების შემცირებასაც მოიცავს.

როგორც „პუბლიკასთან“ საუბრისას პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენელი, გიორგი დიასამიძე ამბობს, დასაქმებულები გაგებით ეკიდებიან კომპანიაში შექმნილ ვითარებას, თუმცა მოითხოვენ, რომ ხელშეკრულების ახალი პირობების მოქმედებაზე დაწესდეს ვადა – 3 თვე. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ კი თავიდან შეფასდეს ვითარება და შრომის ანაზღაურების საკითხიც შესაბამისად გადაწყდეს.

დასაქმებულები მოითხოვენ შეხვედრას გენერალურ დირექტორ ივანე მაჭავარიანთან, ასევე – საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, რათა მიიღონ გარკვეული სახის გარანტიები.

„დამსაქმებელი სთავაზობს საათობრივ ანაზღაურებას. ასევე, იძულებითი მოცდენის ანაზღაურებას არა 100%-ით, არამედ 50%-ით. ზეგანაკვეთური შრომისთვის არსებული 140%-ის ნაცვლად, გათვალისწინებულია 125% და ა.შ. შესაბამისად, გარკვეული კუთხით გაუარესებაა შრომითი პირობების… დასაქმებულები ამაზე თანახმანი არიან. ამბობენ, რომ ესმით ვითარება, თუმცა მათი პოზიციაა, რომ ეს პირობები გაგრძელდეს 3 თვით, შემდეგ ნახონ, როგორი სიტუაცია იქნება და როცა კომპანია მუშაობას შეძლებს, დაუბრუნდნენ ძველ ტარიფებს”, – ამბობს გიორგი დიასამიძე.


BM.GE-ს ინფორმაციით, 2013 წლიდან IDS Borjomi-ის საკონტროლო 60%-იან პაკეტს რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჰოლდინგი „ალფა ჯგუფი” ფლობს. ამ გარიგებამდე მინერალური წყლების კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი პატარკაციშვილების ოჯახი იყო, რომლებმაც ეს აქტივი $460 მილიონად გაასხვისეს. კომპანიის მინორიტარულ, 40%-იან წილს, პატარკაციშვილების ოჯახი ფლობს.

„ალფა ჯგუფის“ დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი კი სანქცირებულ ოლიგარქთა სიაშია.

„ბორჯომის“ ინფორმაციით, კომპანია საქართველოში 1 000-მდე ადამიანს ასაქმებდა.