ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

პუბლიკა

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოსნია და ჰერცოგოვინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

ბოსნიამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 2016 წელს შეიტანა, რის შემდეგაც ევროკავშირმა ქვეყანას რეკომენდაციების შესრულება დაავალა. რეკომენდაციები კანონის უზენაესობას, კორუფციასთან ბრძოლას, ადამიანის უფლებების გაუმჯობესებას, მიგრაციის მართვას, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლასა და სხვა საკითხებს მოიცავდა.

ბოსნიის საკითხი წელს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთადაც განიხილებოდა. თუმცა ივნისში ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭა.

ოქტომბერში ევროკომისიამ ბოსნიისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია გასცა, იმ დათქმით, რომ ქვეყანა გააგრძელებს რეფორმებს.

ამ დროისთვის კანდიდატის სტატუსი ალბანეთს, ჩრდილო მაკედონიას, მონტენეგროს, სერბეთს, უკრაინას, მოლდოვასა და თურქეთს აქვთ.