ბოტების მოქსევა შვილის დასამცირებლად კიდევ უფრო უტეხს სახელს შალვა რამიშვილს - აბაშმაძე

პუბლიკა

სექსუალურ შევიწროებაში მხილებული პროპაგანდისტული არხის, POSTV-ის ერთ-ერთი მფლობელისა და ტელეწამყვანის, შალვა რამიშვილის შვილმა გუშინ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რითაც სოლიდარობა გამოუცხადა ქალებს. ლაშა რამიშვილმა დაწერა, რომ შალვა რამიშვილი ზოგადად არ სცემს პატივს ქალებს და ეს დედამისთან დამოკიდებულებაშიც უნახავს.

ამ წერილის შემდეგ, ლაშა რამიშვილის დედამ, თეა აბაშმაძემ დაწერა, რომ ამ წერილში გაერთიანებულია მისი სათქმელიც.

„ეს ჩემი უფროსი შვილის წერილია, რომელშიც გაერთიანებულია მისი ძმებისა და ჩემი სათქმელიც, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა ჩვენში“, – დაწერა მან.

მოგვიანებით თეა აბაშმაძემ ვრცელი წერილიც გამოაქვეყნა Facebook-ზე, სადაც წერს, რომ შალვა რამიშვილის შვილის დასამცირებლად „ბოტების მიქსევა“ კიდევ უფრო უტეხს სახელს თავად მას.

„ჩემი უზომო მადლიერება ყველას, ვინც ზუსტად გაგვიგეთ და ასეთი საოცარი სიტყვები გვითხარით. აზროვნება ველია და ველი ცნობს ველს – რა უზუსტესი მიგნებაა.

თქვენ კი, ვინც უკიდურეს სიბინძურეს აბრალით ჩემს შვილს, საოცრად სასარგებლო საქმეს ასრულებთ სინამდვილეში და თქვენი მადლიერიც ვარ. თქვენ სასწაული შეძელით, ნამდვილი ალქიმია, თქვენ უსწრაფესად გაანცალკევეთ ჩვენი საზოგადოება, არა ისე ყალბად, როგორიც პარტიული დაყოფაა, არამედ თქვენი არაკრეატიულობის ჩვენებით, ერთი საერთო სახე გამოავლინეთ.

ერთნაირი უტიფრობა, ერთი და იგივე ტერმინოლოგია, გაუნათლებლობა, მდაბიო უწმაწურობა და რაც მთავარია, სრული უსიყვარულობის გამოვლენით, თქვენ გამოცალკევდით იმ ადამიანებისგან, ვინც მგრძნობიარეა, კეთილია, სამართლიანია, გულუხვი და გამგებია. ზოგადადაც ადამიანები მხოლოდ ორ ნაწილად იყოფიან, გონებაგახსნილებად და პირიქით, სხვა დანარჩენი დეფინიცია ამ მონაცემებიდან გამომდინარეობს.

თქვენ ემსახურებით პარტიას, რომელსაც სურს შალვას რესურსის შენარჩუნება და გავალებთ უბინძურესად ლანძღოთ მისი შვილი, თითქოს ასე აღდგება შალვას იმიჯი. საზოგადოების თვალში თქვენს მიერ ტალახის სროლა აღიქმება, როგორც შალვასგან ბოტების მოქსევა საკუთარი შვილის უკიდურესად დასამცირებლად. ეს კიდევ უფრო უტეხს სახელს მას და გაცილებით მძიმედ, ვიდრე ჩემი შვილის წერილი.

ყველაზე კომიკური ისაა, რომ თქვენ ვნებთ მხოლოდ იმას, ვისაც ემსახურებით და ვერც კი აცნობიერებთ ამას. თუმცა, მეორე მხრივ საოცრად სასარგებლო საქმეს ემსახურებით საზოგადოებისთვისაც და ცვლილებების დასაჩქარებლადაც. ძალიან მარტივად გამოჩნდა, რომ სიძულვილის ველში მყოფი აზროვნება არის უნიჭო და გონებაშეზღუდული, რადგან მას არ აქვს ღირსებისა და სამართლიანობის განცდა. ის დეგრადაციას განიცდის სულ უფრო მეტად, “ – წერს თეა აბაშმაძე.


25 მარტს გადაცემა „შაბათის ფორმულამ“ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელიც, არხის ცნობით, ასახავს სამთავრობო პროპაგანდისტული POSTV-ის ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის მხრიდან ანანია გაჩეჩილაძის სექსუალურ შევიწროებას.

პროპაგანდისტული არხის POSTV-ის ერთ-ერთ მფლობელსა და წამყვანს, შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ოთხი ქალი ამხელს. ქალებმა თავიანთი ისტორიები სოციალურ ქსელში გააზიარეს.

შალვა რამიშვილს 2018 წელს სექსუალური შევიწროების საქმეზე თათია სამხარაძემ საქალაქო სასამართლოში დავა მოუგო, რაც შემდგომმა ინსტანციამაც ძალაში დატოვა. შალვა რამიშვილს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.