სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, თითქოს „აშშ საქართველოში ფერად რევოლუციას ამზადებს”.
მილერი განცხადებას „კატეგორიულად მცდარ ბრალდებას” უწოდებს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით დგას რუსული აგრესიის წინააღმდეგ. მის კომენტარს ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს.
„ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად მუშაობის საამაყო ისტორია გვაქვს უფრო მშვიდობიანი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველოს ასაშენებლად.
ბრალდებები კატეგორიულად მცდარია. კრემლი 2008 წელს საქართველოში შეიჭრა და დღეს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, ამავდროულად, განაგრძობს აგრესიულ, სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ რუსული აგრესიის წინააღმდეგ”, – განაცხადა მილერმა.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ირწმუნება, რომ „აშშ საქართველოში ფერად რევოლუციას ამზადებს”.
ამ შინაარსის პროპაგანდისტული განცხადება მათ ერთხელ, 2024 წლის 9 ივლისს უკვე გამოაქვეყნეს.
უწყების მიერ 26 აგვისტოს გავრცელებული განცხადების თანახმად, მათი ინფორმაციით, „თეთრ სახლში უკმაყოფილოები არიან საქართველოში არსებული სიტუაციით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით”.
რუსეთი აცხადებს, რომ „ამისთვის ქართული პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები აგროვებენ უამრავ მოხალისეს ხმის მიცემის პროცესის მონიტორინგისთვის”.
„მათ ევალებათ, გამოავლინონ და აღრიცხონ ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების „გარდაუვალი ფაქტები“, – წერს რუსული დაზვერვა.
რუსული უწყებისვე მტკიცებით, „თბილისის მაიდანზე” იგეგმება კენჭყრის დროს „გაყალბების მტკიცებულებების” გამოქვეყნება, არჩევნების შედეგების არაღიარებას და ხელისუფლების შეცვლას.