ბრალდებები „საკადრო წმენდაზე“ და „რაგბის კავშირის“ პასუხი

პუბლიკა

„საქართველოს რაგბის კავშირის“ ცნობით, მისი წევრების გათავისუფლება რეორგანიზებისა და საკადრო ცვლილებების ფარგლებში მოხდა.

როგორც „რაგბის კავშირის“ უკვე ყოფილი წევრების ნაწილი აცხადებს, კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ ისინი იმიტომ გაათავისუფლა, რომ პრეზიდენტის არჩევნების პერიოდში ისინი სოსო ტყემალაძეს არ უჭერდნენ მხარს.

ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, სიმონ მაისურაძე, რომელიც რაგბის კავშირის ერთ-ერთ დეპარტამენტში მენეჯერულ პოზიციას იკავებდა, აცხადებს, რომ კავშირის პრეზიდენტის თქმით, შემცირება მინისტრ თეა წულუკიანის ულტიმატუმს მოჰყვა.

„სოსო ტყემალაძე რომ მოვიდა პრეზიდენტად, ხელფასები იგვიანებდა. მან ერთ-ერთ შეხვედრაზე თქვა, რომ წულუკიანი მას არ ურიცხავდა კავშირის კუთვნილ დაფინანსებას, თუ ის არ გააკეთებდა წმენდას. ვერ მომიძებნეს ვერანაირი მიზეზი გასათავისუფლებლად და ჩემი თანამდებობა გააუქმეს, მაღალი მიღწევის მენეჯერი ვიყავი. ასევე, გაათავისუფლეს ბევრი დამსახურებული თანამშრომელი, უმეტესობა ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერია“, – ამბობს სიმონ მაისურაძე.

რაგბის კავშირი ინფორმაციას, რომ რეორგანიზაცია და საკადრო ცვლილებები დაიწყო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის მოთხოვნით, „მცდარ მოსაზრებას“ უწოდებს.

„რაგბის კავშირი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რეორგანიზაცია და სტრუქტურული ცვლილებები დაიგეგმა და განხორციელდა „მსოფლიო რაგბისთან“ კონსულტაციებითა და შეთანხმებით, ორგანიზაციის ოპტიმიზაციის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ რაგბის კავშირის სტრუქტურული ცვლილებები, რეორგანიზაცია და კადრების შემცირება, იყო იმ მორაგბეების ერთ-ერთი მოთხოვნა და წინასაარჩევნო დაპირება, რომლებიც დღეს საპირისპირო განცხადებებს ავრცელებენ“, – აცხადებს საქართველოს რაგბის კავშირი.

„პუბლიკამ“ კავშირის მედიასთან ურთიერთობის სამსახურს გათავისუფლებული თანამშრომლების რაოდენობისა და გაუქმებული დეპარტამენტების შესახებ ჰკითხა. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


რაგბის კავშირში დაძაბულობა თვეებია გრძელდება და ის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით დაიწყო. ირაკლი აბუსერიძე 2020 წლის 30 დეკემბერს აირჩიეს რაგბის კავშირის პრეზიდენტად, მაგრამ პროცესს არალეგიტიმურად მიიჩნევდა პრეზიდენტობის მაშინდელი კანდიდატი ბაჩო ხურციძე, რომელმაც საჯარო რეესტრს მიმართა, რომ არჩევნები არ დაკანონებულიყო. აღნიშნულის შემდეგ 7 იანვარს ირაკლი აბუსერიძეს საჯარო რეესტრში რეგისტრაცია  შეუჩერდა.

8 თებერვალს საჯარო რეესტრმა გაავრცელა განცხადება, რომ „საჯარო რეესტრმა „საქართველოს რაგბის კავშირის“ წესდებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ირაკლი აბუსერიძეს უარი ეთქვა რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე. უარი ეთქვა გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაციასაც.

„საჯარო რეესტრმა მისთვის კანონით დაკისრებული უფლება-მოვალეობების ფარგლებში, „საქართველოს რაგბის კავშირის“ წესდებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ირაკლი აბუსერიძეს უარი ეთქვა რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე, ასევე, უარი ეთქვა გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაციაზე; ორივე შემთხვევაში კი, მიზეზი მხოლოდ ისაა, რომ არც პრეზიდენტობის და არც გამგეობის წევრობის კანდიდატებს არ მიუღიათ ხმების ის რაოდენობა, რაც წესდებითაა მოთხოვნილი“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში

რამდენიმე თვის განმავლობაში აქციებს მართავენ ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ირაკლი აბუსერიძის წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია.

„30 დეკემბერს ჩვენი გუნდის, საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთანავე ვიგრძენით წნეხი იმ ადამიანებისგან, რომლებისთვისაც ცხადია, რომ აბუს [ირაკლი აბუსერიძის] გუნდი და ნეპოტიზმი, კორუფცია, ფულის შოვნა არათავსებადია“, – აცხადებდნენ აბუსერიძის მხარდამჭერები.

გასული წლის 24 თებერვალს რაგბის კავშირში პრეზიდენტის არჩევნებისთვის კვორუმი ვერ შედგა და არჩევნები ჩაიშალა.

10 მარტს კი კავშირში საპრეზიდენტო არჩევნები დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი კი სოსო ტყემალაძე იყო, რომელიც იმავე დღეს პრესკონფერენციაზე გამარჯვებულად გამოაცხადეს.