ბრალდებულებმა იცოდნენ, რომ სააკაშვილი იძებნებოდა, მაგრამ სამეგრელოში ჩაიყვანეს - პროკურატურა

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურამ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის მუხლით კიდევ ორ პირს – ზურაბ და შალვა წოწორიებს ბრალდება წარუდგინა.

„დადგინდა, რომ შ.წ.-მ და ზ.წ.-მ იცოდნენ, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს  თანამშრომლების მიერ. მიუხედავად ამისა, 2021 წლის 29 სექტემბერს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდგომ, ბრალდებულებმა საკუთარი ავტომანქანით უზრუნველყვეს მისი ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილას – სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიიყვანეს.

აღნიშნულის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი გაემგზავრა თბილისში და დაბინავდა ე.ც.-ს მიერ დროებით საცხოვრებლად გადაცემულ ბინაში. 2021 წლის 1 ოქტომბერს, აღნიშნულ მისამართზე მოხდა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის დაკავება”, – ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, შ.წ. და ზ.წ. 3 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დააკავეს. დაიწყო გამოძიება მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სახალხო დამცველის ცნობით, სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.