ნარკოდანაშაულში ბრალდებულები არტემ გრიბული ციხეში მის მიმართ სხვა მსჯავრდებულების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს, – ამის შესახებ ცნობილი დღეს გამართული პროცესიდან გახდა.
„არტემი – ერთ-ერთი ბრალდებული გადაიყვანეს სხვა საკანში, მისი თანხმობის გარეშე, იგი შეასახლეს იმ ადამიანთა საკანში, რომელთა განაჩენიც დიდი ხნის წინ არის ძალაში შესული, მსჯავრდებულები არიან, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ გუშინ დღის განმავლობაში კამერების თვალწინ და ეს ფაქტი ჩვენთვის დღეს გახდა ცნობილი.
მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ციხის ადმინისტრაციამ ძალიან კარგად იცოდა, სად ასახლებდა და რატომ ასახლებდა…
ამასთან დაკავშირებით სასამართლო მიმართავს საგამოძიებო სამსახურებს და ჩვენც აუცილებლად ვაპირებთ თვალყური მივადევნოთ ამ ვითარებას”, – განაცხადა „პუბლიკასთან” საუბრისას ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.
თუთბერიძის თქმით, ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ ის გამოასახლეს ამ საკნიდან და მასში აქციების დროს დაკავებული სხვა ბრალდებული შეიყვანეს. ადვოკატ გიორგი ჩხეიძის განმარტებით, საუბარია მისი დაცვის ქვეშ მყოფზე – ანტონ ჩეჩინზე.
„მისი ინფორმაციით, როცა სცემეს, მას შემდეგ გამოიყვანეს საკნიდან და გადაიყვანეს სხვა საკანში ისევ, თუმცა მითხრა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, ასევე პოლიტიკური პატიმარი აქციებთან დაკავშირებულ საქმეზე მოგონილი ბრალით, შეთითხნილი ბრალით დაპატიმრებული ადამიანი ასევე შეიყვანეს ერთ-ერთ ასეთ „საცემ“ ანგარიშსწორების საკანში”, – ამბობს თუთბერიძე.
„პუბლიკა“ კომენტარისთვის სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაუკავშირდა.
„ამ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიებით დადგინდება შესაბამისი შედეგები”, – განგვიცხადეს უწყებაში.
მომდევნო პროცესი 13 მარტს ჩაინიშნა და მხარეების შესავალი სიტყვით განახლდება.
ადვოკატ გიორგი ჩხეიძის ცნობით, მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე მან უკვე მიმართა როგორც პენიტენციურ სამსახურს, ასევე სახალხო დამცველს.
თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების პერიოდში სისხლის სამართლის წესით დაკავებულია რუსეთის კიდევ ორი მოქალაქე – ანასტასიია ზინოვკინა და არტემ გრიბული.
მათ პროკურატურა გასაღების მიზნით 16 გრამი ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ის ფლობას ედავება. ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ პოლიციამ მათ ნარკოტიკი ჩაუდო – მიაჩნიათ, რომ ისინი თბილისში საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ისჯებიან.