საქართველოს პროკურატურამ, არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ გაუპატიურების, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მცირეწლოვან შვილიშვილს ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით,სისტემატიურად აუპატიურებდა, ახორციელებდა გარყვნილ და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებებს.“
სამართალდამცველებმა ბრალდებული 12 ოქტომბერს დააკავეს.
პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 141-ე მუხლით (ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედება); 11 პრიმა, 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით თოთხმეტის წლის ასაკს მიუღწეველთან); 11 პრიმა, 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“, მეოთხე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ნდობის გამოყენებით) და 11 პრიმა, 139-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება ჩადენილი ოჯახის წევრის და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.