„ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი" - ადვოკატი უჩა აბაშიძის საქმეზე

პუბლიკა

დაკავებულ სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. მისი ადვოკატის, გიორგი მახარაძის ცნობით, მას ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი – სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა და 236-ე მუხლები, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას გულისხმობს.

როგორც განყოფილების დატოვების შემდეგ ადვოკატმა განაცხადა, ვინაიდან საქმე მოიცავს სენსიტიურ საკითხს, დაცვის მხარის სტრატეგიით, ისინი მედიასთან კომუნიკაციას ამ ეტაპზე აჩერებენ.

„ვინაიდან ერთ-ერთი მუხლის სპეციფიკიდან გამომდინარე საქმე ეხება პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებსა და ჩანაწერებს, და ზოგადად ამ თემას, ადვოკატები გაფრთხილებული ვართ გაუთქმელობასთან დაკავშირებით, ხელი გვაქვს მოწერილი  შესაბამის დოკუმენტებზე. ამის მიუხედავადაც, მე გეუბნებით ახლა უჩა აბაშიძის პოზიციას, ამ ეტაპზე ეს არის ბოლო კომუნიკაცია ადვოკატებისა მედიასთან, ამ საკითხთან დაკავშირებით.

ჩვენ ვმუშაობთ ამ საქმეზე, საქმე არის სენსიტიური, მნიშვნელოვანი და აქედან გამომდინარე დაცვის მხარის სტრატეგია მოიცავს იმას, რომ მედიასთან კომუნიკაცია ამ ეტაპზე არ არგებს სისხლის სამართლის საქმეს და მის ინტერესებს”, – განაცხადა მახარაძემ. 

ადვოკატი ამბობს, რომ აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.


სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე 9 მაისს, საცხოვრებელ სახლში დააკავეს. როგორც მისი ოჯახის წევრები და დარგის სპეციალისტები ამბობენ, მისი სახლიდან ამოღებული მასალებიდან უმეტესობა ცეცხლსასროლი იარაღი არაა და ის ე.წ. Airsof-ის – სპორტული სათამაშო თოფებია. დედის, ლია თოდუას თქმით, შსს-ს გავრცელებულ კადრებში ნამდვილი იარაღი მხოლოდ ორია და ორივე ოფიციალურადაა რეგისტრირებული.