პროკურატურის ცნობით, ბრალი წარედგინა ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, კობა გაბუნიას.
მას ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება.
უწყების ცნობით, კობა გაბუნიას უშუალო დაქვემდებარებაში არსებულმა მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2023 წლის თებერვლიდან გამოაცხადა ტენდერები 30 საბავშვო ბაღის მშენებლობაზე. ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა „ლაგი კაპიტალი“.
როგორც პროკურატურა წერს, გაბუნიასთვის ცნობილი იყო, რომ „ლაგი კაპიტალი“ ხელშეკრულებით ნაკისრ სამუშაოებს არ ასრულებდა და ფონდისგან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ითხოვდა საავანსო თანხების გაცემას.
პროკურატურის მიხედვით, მიუხედავად ამისა, ბრალდებულმა ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და „ლაგი კაპიტალს“, ეტაპობრივად, ავანსის სახით გადაურიცხა 11 200 000 ლარზე მეტი თანხა.
ჩარიცხული თანხებიდან „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 9 365 000 ლარს. პროექტით გათვალისწინებული საბავშვო ბაღები არ აშენებულა.
კობა გაბუნიას ბრალდება სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო- პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ) წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ „შესაბამისი აღკვეთის ღონისძიების“ გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. განცხადებაში დაკონკრეტებული არაა, პატიმრობა იქნება ეს თუ გირაო.
მოცემულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა უკვე დაწყებულია მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორისა და ამავე ფონდის 2 თანამშრომლის, ასევე შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირების მიმართ.