ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო ხმების 50%-ზე მეტის მოპოვება და მეორე ტური გაიმართება.
არჩევნების პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა მემარცხენე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ მიიღო, მას ამომრჩეველთა 48.4%-მა დაუჭირა მხარი. მოქმედმა ულტრამემარჯვენე პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუმ კი ხმების 43.2% მიიღო. არჩევნების პირველ ტურში სულ 9 კანდიდატი მონაწილეობდა.
წინასაარჩევნო გამოკითხვებით ლულას უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავდა და მის გამარჯვებას პირველივე ტურში ვარაუდობდნენ, მაგრამ საარჩევნოდ ბოლსონარუმ, როგორც ჩანს, ხმების მობილიზება შეძლო.
არჩევნების მეორე ტური ლულასა და ბოლსონარუს შორის 4 კვირაში გაიმართება. ორ ყველაზე პოპულარულ კანდიდატს შორის დიდი ხანია მწვავე დაპირისპირებაა. ლულამ 2018 წელს არჩევნებში მონაწილეობაც ვერ შეძლო, რადგან კორუფციის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით მას ბრალდება მოეხსნა. ამის მიუხედავად, ბოლსონარუმ ბოლო დებატებისას ლულა ქურდად მოიხსენია, პასუხად კი ლულამ ბოლოსნარუს შეშლილი უწოდა.
როგორც BBC წერს, წინასაარჩევნო პერიოდში პოლარიზაცია გაიზარდა ბრაზილიის საზოგადოებაშიც. პიროვნული დაპირისპირების გარდა, ამ ორ კანდიდატს შორის იდეოლოგიური სხვაობაც დიდია. ლულა ამაზონის ეკოსისტემის აღდგენაზე საუბრობს, ბოლსონარუ კი აცხადებს, რომ საჭიროა, ჯუნგლების ნაწილი ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოიყენონ.
თუმცა გარემოსდაცვით საკითხებთან ერთად ბრაზილიის პრეზიდენტობის კანდიდატებს არაერთ გამოწვევასთან მოუწევთ გამკლავება, მათ შორისაა, პროდუქტებზე ფასებისა და სიღარიბის ზრდა, უთანასწორობა განათლების სისტემაში და სხვ.