„ბრძოლა გრძელდება" - დეკანოზი გიორგი მამალაძის კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

პუბლიკა

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ გათავისუფლების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. ის აღნიშნავს, რომ ბრძოლა გრძელდება, თუმცა საზოგადოების ნაწილმა „სიმართლე ისედაც იცის”.

„ბრძოლა გრძელდება, საზოგადოების დიდმა ნაწილმა სიმართლე ისედაც იცის. პირველ რიგში, ჩემი მთავარი გეგმაა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორება, შემდგომ უკვე ყველაფერი იქნება. ვწუხვარ, რომ მეუფე დიმიტრის არ აღმოაჩნდა სული ჭეშმარიტი მწყემსისა, რომელიც მას მისცემდა იმის უფლებას და საშუალებას, რომ დღეს აქ ჩემთან ერთად მდგარიყო რკინის ქალამნებით, თუმცა მე მაინც მიყვარს ის.

მადლობას ვწირავ ღმერთს თითოეული წამისთვის ჩემს ცხოვრებაში, მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს, ყველა გულშემატკივარს, რომელიც ჩემთან ერთად ამტკიცებდა და დარწმუნებული იყო ჩემს უდანაშაულობაში. მადლობა არასამთავრობო ორგანიზაციებს, აშშ-ის და ნიდერლანდების მთავრობებს, რომლებიც იცავდნენ ჩემს უფლებებს”, – აღნიშნა მან.

გუშინ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ მისი გათავისუფლების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია და დაწერა, რომ „7-წლიანი ტანჯვისა და ლოდინის შემდეგ” დეკანოზი გიორგი თავისუფალია.

ყოფილ დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 5 სექტემბერს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ გიორგი მამალაძე პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ. გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებდა.