„ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე"| იოსებ ბაბაევი გაათავისუფლეს

პუბლიკა

გორელი აქტივისტი და ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი თავისუფალია. მან წინასწარი მოთავსების იზოლატორი სასამართლო სხდომის დასრულებიდან რამდენიმე საათში დატოვა.

მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ დაუშვებლად მიიჩნია პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა უკანონოდ.

„მოიგონეს ასეთი ისტორია, რომ ვითომ, მე მივდიოდი რაღაცა კრიმინალურ გარჩევაზე, მათ [ამის შესახებ] ჰქონდათ რაღაცა ინფორმაცია და ამიტომ დამაკავეს. ეს არის აბსურდი. მოვდიოდი სახლში. ვიყავი მზად ყველაფრისთვის. თუმცა, არ ვიყავი მზად ასეთ ბავშვურ შეცდომას თუ დაუშვებდნენ. ეს [იარაღის ჩადება] იყო ძალიან დიდი შეცდომა იმიტომ, რომ ჩემი გადაადგილება, მოძრაობა, ყველაფერი ფიქსირდება – მე თავს ვიზღვევ და რომ გაიგეს ეს, ძალიან ინანეს.

წინააღმდეგობას არ ვუწევდი საერთოდ. უფრო მეტსაც გეტყვით, ერთი უზრდელური სიტყვა არ მითქვამს, არ მიყვირია, მირტყამდნენ, მაგრამ მე დავცინოდი მაგათ. ერთი უზრდელური სიტყვა ვერ ჩაიწერეს, რომ ჩემ წინააღმდეგ გამოეყენებინათ”, – განაცხადა იოსებ ბაბაევმა საპატიმროს დატოვების შემდეგ.

ბაბაევმა აღნიშნა, რომ ბრძოლის ხასიათზეა და „ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე”. მან მოსამართლის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა:

„წინ ევროპისკენ… მოსამართლემ დღეს საზოგადოებას დაანახა, რა არის ევროპული სტანდარტი. პირველ რიგში, იხელმძღვანელა, რა თქმა უნდა, საქართველოს კანონით და მერე იხელმძღვანელა პირადი ეჭვით, გონივრული ეჭვით. მან „სამართალდამცავებისგან” დაინახა, რომ იყო არაჰუმანური მოპყრობა, დაინახა, რომ იყო ძალადობა, დაინახა, რომ იყო დანაშაული, არ იყო ვიდეოჩანაწერი და ამიტომ გადაწყვიტა, რომ მე ვიყავი უდანაშაულო და არ მიიღო მტკიცებულება ეს დოკუმენტი”, – თქვა ბაბაევმა.

იოსებ ბაბაევი 5 ივნისს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დააკავეს, რაც იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იოსებ ბაბაევი ანტირუსული გამოსვლებით გამოირჩევა. არის ანტისაოკუპაციო „რესტო ბარის“ მფლობელი და „მთავარი არხის” ცნობით, ხშირად აგზავნის ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვის.