ბრძოლა გრძელდება, მისი მთავარი კომპონენტი ხალხია, რომელიც ქუჩაში დგას - ზურაბიშვილი

პუბლიკა

„არჩევნებს არ აქვს ალტერნატივა. ეს არის ცნობილი არა პრინციპი, არამედ მოცემულობა ყველა ქვეყანაში, სადაც ასეთი ღრმა კრიზისი არსებობს, სადაც არჩევნების გარეშე ვერ გამოხვალ ამ კრიზისიდან და ვერავინ მართავს დიდხანს ქვეყანას თავისი ხალხის წინააღმდეგ“, – ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„ხელისუფლება უკვე იშლება. ვერტიკალში ძალიან სერიოზული კითხვებია. პოლიცია ცუდად ეგუება იმას, რომ კრიმინალურ ვერტიკალს უნდა დაემორჩილოს და არა ჩვეულებრივ ინსტიტუციურ ვერტიკალს. დიდხანს ვერცერთი ინსტიტუტი და ვერცერთი ადამიანი, რომელიც მიყიდული არ არის, ვერ შეეგუება იმას, რომ მართული იყოს ამ ფორმით და პირდაპირ ინსტრუქციებით იყოს დამორჩილებული.

დღეს მმართველ გუნდს ორი ვარიანტი აქვს: ერთი, რომ ეს რეალობა დაინახოს; დაინახოს, რა უნდა ქართველ ხალხს და წავიდეს ახალი არჩევნების ორგანიზებაზე იმ ძალებთან ერთად, რომლებიც ქვეყანაში არიან და იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც არსებობს. ამაზე დოკუმენტი მზადდება და მომდევნო დღეებში პრაქტიკულად მზად იქნება.

მეორე ვარიანტი ბევრად უფრო ძნელი და რთულია ქვეყნისთვის, თუ ქვეყანაზე ფიქრობს ვინმე, რომ მმართველი პარტია თავის ბოლომდე დაშლას დაელოდოს, რაც სხვა ტიპის პასუხისმგებლობის გადანაწილებას მოითხოვს, მაგრამ ესეც იქნება, თუკი მმართველი პარტია არ შეეგუება იმას, რომ უნდა გაითვალისწინოს ჩვენი ხალხის, ჩვენი პარტნიორების ერთობლივი მოთხოვნა, რომ ახალი არჩევნების გარეშე არაფერი შეიძლება ამ ქვეყანაში.

ჩვენ ორივე ალტერნატივისთვის მზად ვართ და მზად ვიქნებით. ეს ბრძოლა გრძელდება, მისი მთავარი კომპონენტი ის ხალხია, რომელიც ქუჩაში დგას, რასაც რამდენადაც შემიძლია, ვუერთდები. ის ხალხი, რომელიც დგას არა მხოლოდ თბილისში, არამედ – თბილისის გარეთაც“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ხვალ ჩავა ზუგდიდში რათა შეხვდეს იმ ხალხს, რომლებიც პროტესტის ნიშნად ქუჩაში დგანან.

ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ კი სალომე ზურაბიშვილი გეგმავს სხვადასხვა რეგიონებში ჩასვლას.

„იმიტომ რომ ეს არის ერთობლივი,  საქართველოს ყველა მოქალაქის პროტესტი, რომელიც არ არის მხოლოდ თბილისში. ამაში არის დიდი სიახლე, რომ  ეს გავრცელებული არის მთელს ქვეყანაში და ყველგან ჩვენ უნდა ვიდგეთ ყველა ჩვენი მოქალაქის გვერდით. ეს არის ჩემი მიზანი, მე მექნება ყველასთან კავშირი. ჩემი პირადი ბრძოლა გრძელდება და ბოლომდე გაგრძელდება, იმიტომ, რომ მე ვარ ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ ეს ქვეყანა გავიყვანო თქვენთან ერთად იმ სამშვიდობოზე, რომელიც დემოკრატიის, თავისუფლებისა და მისი კურსის გარეშე არ შეიძლება იყოს მიღწეული“, – აცხადებს ზურაბიშვილი.

მისივე თქმით, ის აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება ჯო უილსონის მიწვევით. მისივე თქმით, ის ვაშინგტონში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.