„100%-იან გარანტიას ვაძლევ გახარიას, რომ უკან დახევა არ იქნება“ – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიმ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ბრძოლა იქნება უკომპრომისო. ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ხალხს ახლა ისე ეიმედება პოლიტიკოსები, როგორც არასდროს.
„ბრძოლა იქნება უკომპრომისო, ბოლომდე. რაც უფრო მეტად გაჯიუტდებიან, მით უფრო მეტად მძიმე იქნება მათთვის მარცხის პროცესი. ძალიან მართლები ვართ, ბოლომდე წელში გამართული. მე ვხედავ ძალიან დიდ ბრაზს ხალხში, რომ მათ სურთ ეს უწესრიგობა გამოვასწოროთ. მათ ისე ეიმედებათ ახლა პოლიტიკოსების, როგორც არასდროს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ აუცილებელია პრობლემების მოლაპარაკებების გზით გადაჭრა.
„ნებისმიერი სახის მოლაპარაკებები, განსაკუთრებით დღეს, პანდემიის პირობებში, ეკონომიკური კრიზისის პირობებში და, რა თქმა უნდა, შესაძლო პოლიტიკური კრიზისის პირობებში არის აუცილებელი“,- თქვა პრემიერმა.
მისი თქმით, არჩევნების პროცესში ხარვეზები არსებობდა, თუმცა ისინი გამოსწორებადია. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მსგავსი ხარვეზები უნდა მოწესრიგდეს სამართლებრივი გზით და არა – ქუჩაში.
ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც ბარიერი გადალახეს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ.