„ბრძოლა იწყება ახლა, ერთობა და სიმრავლე მიღწეულია დღეს!“ - ვარლამ გოლეთიანი

პუბლიკა

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტების აქცია მიმდინარეობს. აქციას შეუერთდნენ როგორც დედაქალაქის მცხოვრებლები, ასევე რეგიონებიდან ჩამოსული მხარდამჭერები.

დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე შეკრებილებს პირველი სიტყვით მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა მიმართა.

„ბრძოლა იწყება ახლა, იმიტომ, რომ ეს მასშტაბი ზოგადად ამ პროტესტმა და ბრძოლამ მიიღო დღეს. ვხედავთ, რამდენი ადამიანია მოსული და მთელი განვლილი პერიოდი, რაც ვიდეოზე ნახეთ, 209 დღე არის შემოკლებული ამ 25-წუთიან ვიდეოში.

არ ვთვლით, რომ 209 დღის წინ დაიწყო ჩვენი ბრძოლა, როცა დავდექით რიონის ხეობაში და მანამდე კიდევ წლების წინ იქ ვიბრძოდით და ადამიანები მთელი კონკრეტული ოჯახები ჩართული იყვნენ ამ ბრძოლაში. მაგრამ ეს არ იცოდით თქვენ, არ იცოდა ფართო საზოგადოებამ, რომ ეს საკითხი, იმისთვის რომ გადაწყდეს, საჭიროა ჩვენი ერთობა და სიმრავლე და ეს ერთობა და სიმრავლე მიღწეულია დღეს! ამიტომ ბრძოლა იწყება აქ და ახლა და ჩვენ ამას მივიყვანთ ბოლომდე და ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ ხალხის სასარგებლოდ არ გადაწყდება და დასრულდება ყველაფერი.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გითხრათ იმ თვითორგანიზებულობისთვის, რომელიც ვაჩვენეთ თითოეულმა ჩვენგანმა. მსგავსი ტიპის შეკრება და პროტესტი, ვფიქრობ, ბოლო პერიოდია, რამდენიმე ათწლეულია არ ახსოვს ჩვენს საზოგადოებას., ასეთი თვითორგანიზებული, თავისთვის მოსული ადამიანები და ეს არის მნიშვნელოვანი და მაჩვენებელი იმისა, რომ საზოგადოება კარგად აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია მისი ჩართულობა და დღეს რომ ის უნდა იდგეს აქ და მისი ადგილი არ უნდა იყოს თავისუფალი. ამას აცნობიერებს თითოეული ჩვენგანი და ამის აღქმა არის ყველაზე უფრო სასიამოვნო, როცა უსიტყვოდ  გვესმის ერთმანეთის, რომ აქ დგომა არის მნიშვნელოვანი და ალტერნატივა დღევანდელ დღეს არ აქვს.

არაერთგზის დავაფიქსირეთ პოზიცია სხვადასხვა დიდ შეკრებაზე. ქუთაისში ორი დიდი აქცია გვქონდა და ვთქვით იქაც, რომ თითოეული ჩვენგანი არის პასუხისმგებელი ამ ბრძოლაზე და პროტესტს მივიყვანთ ბოლომდე. არასდროს გვქონია ილუზია, რომ შევიკრიბებოდით და ერთი შეკრებით ყველა პრობლემა გადაწყდებოდა.

მნიშვნელოვანია,  განწყობილი ვიყოთ გრძელვადიანი ბრძოლისთვის. ამის პრეცედენტს ქმნით თითოეული თქვენგანი დღეს აქ მოსვლით. ის, რომ ვაჩვენებთ არა რაღაც დესტრუქციული გზებით ძალას თუნდაც ხელისუფლებას, საერთოდ ყველას, საერთაშორისო საზოგადოებას, საკუთარ თავს და ერთმანეთს, იმ ადამიანებს, ვინც დღეს აქ არ არის. ვაჩვენებთ ერთმანეთს, რომ აქ არის ჩვენი ძალა, როცა ვაცნობიერებთ იმას, რომ დღეს აქ უნდა ვიდგეთ და რამდენად მნიშვნელოვანია აქ დგომა მოცემულ მომენტში. და ვაცნობიერებთ იმას, რომ ეს ბრძოლა არ არის მოკლევადიანი, მაგრამ განწყობილი ვართ ბრძოლის იმ ჟინით, რომელიც მართულია ნაწილობრივ ემოციებით. მაგრამ ამას წინ უძღვის სტრატეგია, დაგეგმვა და მთელი ეს სტრატეგია და დაგეგმვითი ნაწილი აისახება დღევანდელ დღეზე, იმიტომ, რომ ეს არის პროტესტი, რომელიც არ არსებობდა 209 დღის წინ და დღეს არის მრავალათასიანი. იმიტომ არის გულწრფელი, სამართლიანი და არის ორიენტირებული, რომ ჩვენი საზოგადოების პრობლემები გადაჭრას და გადაწყვიტოს“, – განაცხადა გოლეთიანმა თავის გამოსვლაში.


ნამახვანჰესის წინააღმდეგ დღეს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე აქცია იმართება.

აპრილში რიონის ხეობის მცველებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის დიალოგის პროცესი ვერ შედგა. მათი თქმით, დიალოგი იმ შემთხვევაში იქნებოდა მართებული, თუ ამ პროცესში გადაწყდებოდა ჰესის აშენება/არ აშენების საკითხი. მათივე თქმით, მთავრობის პასუხში ამგვარი დაშვება გათვალისწინებული არ ყოფილა.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ მოძრაობის მოთხოვნებია:

  1. გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
  2. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება, რომლის საფუძველზეც, კომპანია „ენკას“ საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა;
  3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და სხვა მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი;
  4. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.