ბრძოლა ხანგრძლივი იქნება. აქ შეკრებით ხელისუფლებას ვაზანზარებთ, მაგრამ ჯერ ვერ ვამარცხებთ - ბერძენიშვილი

პუბლიკა

რუსთაველზე, პარლამენტთან შეკრებილ ხალხს „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, დავით ბერძნიშვილმა მიმართა. მისი თქმით, ბრძოლა იქნება ხანგრძლივი და ხალხი მზად უნდა იყოს მშვიდობიანი ბრძოლისთვის.

„ჩვენ დღევანდელ ოპოზიციას ქართველმა ხალხმა, ჩვენმა ამომრჩეველმა მოგვცა ხელისუფლებაში ყოფნის მანდატი და მანდატი მისცა ქართველმა ხალხმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსაც. ოპოზიციაში ყოფნის მანდატი. უნდა იცოდეს პოლიტიკურმა პარტიამ და მისმა ამომრჩეველმა, რომ თუ არ შეგიძლია, იყო ოპოზიციაში მაშინ არ ხარ პოლიტიკური ორგანიზაცია. მაშინ შენ ისევ აორთქლდები, როგორც აორთქლდა „მოქალაქეთა კავშირი“, აღორძინება და ბევრი სხვა. ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა თქვა, რომ არ ვყოფთ ამერიკას წითლებად და ლურჯებად. არც ჩვენ არ ვყოფთ საქართველოს წითლებად და ლურჯებად, ნარინჯისფერებად და ყვითლებად. მრავალფეროვნება ერთიანობაში. ერთიანობა მრავალფეროვნებაში. ეს ვართ ჩვენ. ჩვენი ქვეყანა.

ჩემს ადგილას და ჩემი თაობის სხვა წარმომადგენლების ადგილას, ვინც ისევ ამ ტრიბუნასთან დგას, შეიძლება რელევანტური იყოს კითხვა – არ გრცხვენიათ ? ისევ აქ ათეული წლების განმავლობაში. 30 წელზე მეტი გავიდა. ისევ ქუჩაში, ისევ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. სუსტები აღმოვჩნდით, მაგრამ მოგიტანეთ რუკაზე ახალგაზრდებს და გეხმარებით, რომ თავისუფლებაც მიიღოთ. დამოუკიდებლობა ჩვენ მოგიტანეთ, თავისუფლება თქვენ უნდა შექმნათ და ჩვენ ამაში გეხმარებით.

ჩვენ ვიცით, რომ ბრძოლა იქნება ხანგრძლივი. თავი არ მოვიტყუოთ. ჩვენი აქ შეკრებით ჩვენ ამ ხელისუფლებას უკვე ვაზანზარებთ, მაგრამ მას ჩვერ ჯერ ვერ ვამარცხებთ. ჩვენ ბრძოლა გვექნება მშვიდობიანი, პრინციპული. მივესალმებით ყველა მომიტიგეს ბათუმში“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

__________________________

31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს საპარლამენტო მანდატებზე და ერთობლივ დოკუმენტსაც მოაწერეს ხელი.

მათ ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ – ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა.