ბრედ პიტი, რენე ზელვეგერი, ხოაკინ ფენიქსი - ოქროს გლობუსის წლევანდელი გამარჯვებულები გამოვლინდნენ

პუბლიკა

ლოს ანჯელესში „ოქროს გლობუსის“ 77-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ 2019 წლის საუკეთესო დრამად პირველ მსოფლიო ომზე გადაღებული ფილმი – „1917“ დაასახელა. საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაშიც ამავე ფილმის რეჟისორმა სემ მენდესმა გაიმარჯვა.

წლის ორიგინალური სცენარისთვის პრიზი რეჟისორ კვენტინ ტარანტინო ერგო, ფილმისთვის „ერთხელ ჰოლივუდში“. თავად ფილმმა წლის კომედიური ჟანრის / მიუზიკლის კატეგორიაში გაიმარჯვა. ხოლო ბრედ პიტმა „ერთხელ ჰოლივუდში“ ნათამაშევი მეორეხარისხოვანი კაცის როლისთვის მიიღო ჯილდო.

წლის მსახიობი კაცის ტიტული დრამატულ ფილმებში „ჯოკერის“ როლისთვის ხოაკინ ფენიქსმა მოიპოვა, ამავე კატეგორიაში წლის მსახიობი ქალი კი ჯუდი გერლანდის როლისთვის რენე ზელვეგერი გახდა.

მეორეხარისხოვანი ქალის როლის შესრულებისთვის ლორა დერნმა მოიპოვა  გამარჯვება, ფილმისთვის „ქორწინების ამბავი“.

წლის კომედიურ ფილმებში ან მიუზიკლში ქალისა და მამაკაცის როლებისთვის „ოქროს გლობუსი“ აკვაფინამ ფილმისთვის „დამშვიდობება“ და ტაარონ ეგერტონმა ელტონ ჯონის განსახიერებისთვის ფილმში „როკეტმენი“ მიიღეს.

წლის უცხოური ფილმების ნომიანციაში გამარჯვება სამხრეთ კორეულმა „პარაზიტმა“ მოიპოვა.

ანიმაციების კატეგორიაში გამარჯვებული „დაკარგული რგოლი“გახდა.

წლის საუნდტრეკისთვის ჯილდო ელტონ ჯონმა მიიღო. ხოლო ნომინაციაში წლის მუსიკალური გაფორმება გამარჯვება ჰილდურ გუანადოტირს დარჩა, „ჯოკერისთვის“.

რაც შეეხება სერიალებს, მინი სერიალების კატეგორიაში ჯილდო „ჩერნობილმა“ მოიპოვა. წლის დრამატული სერიალი კი გახდა – „მემკვიდრეობა“.