ბრეგაძე: „ამირანთან“ აქციის შემდეგ 2 პირზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

პუბლიკა

„ქართული მარშის“ ლიდერის, სანდრო ბრეგაძის ინფორმაციით, კინოთეატრ „ამირანთან“ 8 ნოემბერს გამართული ჰომოფობიური აქციის მერე „ქართული მარშის“ წევრის – გიორგი ონიანის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, ასევე,  აქციის მონაწილე მიქიაშვილის მიმართაც.

„30-თეთრიანი „ხლაპუშკების“ აფეთქების გამო ემუქრებათ 4-დან 7-წლამდე სასჯელი“, – ამბობს ბრეგაძე „პუბლიკასთან”.

როგორც „პუბლიკას“ პროკურატურაში განუცხადეს, ორივე მათგანს ბრალი უკვე წარედგენა. გიორგი ონიანს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე.

რაც შეეხება გ. მიქიაშვილს, მას ბრალი სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ედება, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო 9 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში წერდა, რომ ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა გაეწიათ.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ ჯარიმას, ბრეგაძის თქმით, აქციაზე დაკავებულ „ქართული მარშის“ 7 წევრს სასამართლომ 1000 -1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ბრეგაძე ამბობს, რომ ამ აქციის დღეს, „ქართული მარშის“ წევრების გარდა, სხვა დემონსტრანტებიც დააკავეს. ამ ეტაპზე, ბრეგაძის ინფორმაციით, დაახლოებით 27 000 ლარს შეადგენს ჯარიმის ჯამური თანხა. ბრეგაძე ამბობს, რომ მათი ნაწილის საქმეები კვლავ მიმდინარეობს.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯარიმებთან დაკავშირებით ამომწურავი პასუხის მისაღებად. უწყებამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაგვამისამართა. სასამართლოში კი განაცხადეს, რომ დაკავებულთა სახელისა და გვარების დასახელების გარეშე, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, რომ მოიძიონ მათ შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება.


თბილისში, 8 ნოემბერს ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართა. პარალელურად, კინოთეატრის გარეთ შეკრებილები იყვნენ ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები და მათი ლიდერები. ისინი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეებს ჩვენების ჩაშლა სურდათ, თუმცა პოლიციამ მათ კინოთეტრში შესვლის საშუალება არ მისცა.

შსს-ს ცნობით, თბილისში აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე 24 პირი დააკავეს. მათ პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლების დარღვევას ედავებოდა.

შსს-მ ასევე ბრალდებულის სახით  დააკავა 1 პირი, ანა სუბელიანის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე.