ბრეგაძე: სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით მოსამართლეზე ზეწოლას ცდილობენ

პუბლიკა

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილი სხვადასხვა მედიასაშუალების გამოყენებით სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით მოსამართლეზე ზეწოლას ცდილობს. ამის შესახებ მან „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

„სასჯელის გადავადებისთვის არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გაწერილი გზები. თუკი ვინმეს სურს, რომ მიმართოს სასამართლოს, ეს არის მისი უფლება. გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. მოსამართლემ უნდა იმსჯელოს მტკიცებულებათა ერთობლიობით და მხარეებმაც შესაბამისი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ.

თუმცა, ვხედავთ ძალიან მარტივ და იაფფასიან ხრიკებს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ისინი ყველა შესაძლო გზით, მათ შორის, ტელევიზიების გამოყენებით, სხვადასხვა მედიასაშუალებით ცდილობენ, ზეწოლა განახორციელონ მოსამართლეზე. ფაქტობრივად, მას წინასწარ ეუბნებიან, რომ მისი მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ცდილობენ, ქუჩაში დახვდნენ, სხვადასხვა სახის ზეწოლა განახორციელონ, მათ შორის, მედიებმა იმისთვის, რომ ადამიანს არ ჰქონდეს ნორმალურად მუშაობის შესაძლებლობა“, – თქვა მან.

რატი ბრეგაძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის მიერ მართული ამ კამპანიის მიზანი სააკაშვილის, მათ შორის, უკანონო გზით გათავისუფლებაა.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვმარტავ – მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებებში და კანონით გაუთვალისწინებელი გამონაკლისი ვერავის მიმართ იქნება დაშვებული. ვაცხადებ როგორც იუსტიციის მინისტრი, რომელიც პასუხისმგებელია სასჯელის აღსრულებაზე, ჩვენ ვიმოქმედებთ მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში“,- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

დღეს გახდა ცნობილი, რომ სასამართლო პროცესი, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შუამდგომლობა უნდა განიხილონ, 9 დეკემბერს ჩაინიშნა.