საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღება მარტივდება - ბრეგაძე

პუბლიკა

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები გამარტივდება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევა მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში.

„საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველ პირს შესაბამისი გამოცდის ჩაბარება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადებით მიმართვამდე მოუწევს და არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში სააგენტო აღარ დაიწყებს მოქალაქეობის მინიჭების ფორმალურ პროცედურებს, რითაც დრო და რესურსი დაიზოგება.

მეორე ცვლილება ეხება იმას, რომ პირს უფლება ექნება წარუმატებლობის შემთხვევაში გამოცდა გადააბაროს შეუზღუდავად და დადებითი შედეგის შემთხვევაში, ეს ძალაში იქნება ერთი წლის განმავლობაში. ასევე მოქალაქეობის მოპოვებაზე საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის ხელმეორედ დაწყების ვადა მცირდება 1 წლიდან 6 თვემდე. ასევე, მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ მოქალაქეობის მოპოვებისთვის საქართველოში ცხოვრების 10-წლიანი ცენზი 5-წლამდე შემცირდება“, – განაცხადა ბრეგაძემ.

მინისტრის თქმით, დღეს არსებული წესით, თუ მოქალაქეობის მსურველი ვერ ჩააბარებს გამოცდას, სხვა პროცედურებს მაინც გადის და, საბოლოოდ, იღებს უარს.

„აქ უკვე პროცედურა დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადამიანი წარმატებით ჩააბარებს გამოცდას. ადამიანები დაზოგავენ დროს, რესურსებს და სახელმწიფოც დაზოგავს ადამიანურ რესურსს. აქ იცვლება ის, რომ ადამიანებს შეუზღუდავად შეუძლიათ სცადონ წარმატების მიღწევა და როცა დადებითი შედეგი ექნება, ერთი წლის განმავლობაში შეუძლია მიმართოს სააგენტოს, რათა დაიწყოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურები“, – განაცხადა ბრეგაძემ.