ბრიტანელი დეპუტატი სანქციებზე: ივანიშვილს აშფოთებს, რომ ეს ნაბიჯი შეიძლება რეალობად იქცეს

პუბლიკა

ბრიტანეთის პარლამენტის ლიბერალ-დემოკრატთა პარტიის წარმომადგენელი, ჯეიმს მაკკლირი „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში საუბრობს „ქართული ოცნების“ საერთაშორისო იზოლაციასა და ლონდონის ხელთ არსებულ ბერკეტებზე ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ.

მაკკლირი პარლამენტში აქტიურად მოითხოვს ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას.

მან 15 იანვარს პარლამენტში წარადგინა ე.წ. early day motion წინადადება, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს.

ჯეიმს მაკკლირი აცხადებს, რომ მიმართულება უკვე არსებობს, რაც ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის პერსონალურ სანქციებს გულისხმობს.

„თუ ბრიტანეთს გულისხმობთ, გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია, სანქციებიც დაწესდა. ვიცით, რომ ლონდონი და საერთოდ, დიდი ბრიტანეთი ივანიშვილისთვის იქცა არა მხოლოდ ქონების შესანახ ადგილად, ის თავის პროპაგანდასაც ბრიტანეთიდან ინახავს. ეს საგანგაშოა და ჩვენ, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, ამაზე თვალის დახუჭვას არ ვაპირებთ.

მიმართულება აღებულია – პერსონალიზებული სანქციები ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიმართ – და ამ მიმართულებით ვმუშაობთ. იმედი გვაქვს, რომ [ბრიტანეთის] მთავრობაც ამ გზას დაადგება“, – ამბობს მაკკლირი „რადიო თავისუფლებასთან“.

დეპუტატის თქმით, როცა საქმე ეხება სანქციებს, ბრიტანეთი, სხვა ქვეყნებთან შედარებით, უფრო ამბიციური და ხისტი იყო როგორც რუსეთთან, ასევე ბელარუსთან. ის იმედოვნებს, რომ საქართველოს შემთხვევაშიც იგივე მიმართულებით წავლენ.

მაკკლირი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს თემაზე უფრო მეტი დეპუტატი საუბრობს. მისი თქმით, ლეიბორისტების პარტიის უმეტესობა ეთანხმება იმ აზრს, რომ „ერთ პირს არ უნდა ჰქონდეს ისეთი გავლენა ქვეყნის მართვაზე, როგორიც ივანიშვილს აქვს“.

დეპუტატის განცხადებით, ბრიტანეთს აქვს ბერკეტი, რომ სანქციების გამოყენებით აჩვენოს, რომ არსებულ მდგომარეობას არ ეთანხმებიან

ჯეიმს მაკკლირის აზრით, სანქციებს პაკეტის ფორმა უნდა ჰქონდეს და ივანიშვილთან ერთად მისი გარემოცვის წევრები და პროპაგანდისტული მედიის მფლობელებიც უნდა დასანქცირდნენ.

„ვფიქრობ, სანქციებს პაკეტის ფორმა უნდა მიეცეს – თუ გვინდა მკაფიო გზავნილის გაგზავნა იმასთან დაკავშირებით, რომ დემოკრატიული პროცესების დევალვაცია მიუღებელია, მით უმეტეს, როცა ამისთვის ბრიტანეთში არსებული აქტივებია გამოყენებული, მაშინ ეს აქტივები უნდა გაიყინოს.

ეს მხოლოდ ივანიშვილს არ გულისხმობს – ეს ეხება მის გარემოცვასაც, მათ შორის იმათ, ვინც პროპაგანდისტულ მედიას ქმნის – ყველა ერთად უნდა მოხვდეს სანქციების ამ პაკეტში“, – ეუბნება მაკკლირი „რადიო თავისუფლებას“.

ბრიტანელი დეპუტატის აზრით, უკვე გადადგმული ნაბიჯებით „ივანიშვილს ძილი უკვე გაუტეხეს“.

„რადიო თავისუფლების“ კითხვაზე, თუ რამდენად ახლოს არიან მიზანთან, მაკკლირი პასუხობს, რომ early day motion-ის წინადადება ბრიტანულ საპარლამენტო სისტემაში განსაკუთრებულად წონად დოკუმენტად არ ითვლება და ამის გამო გაუკვირდა, როცა „ქართული ოცნებისგან“ ოფიციალური რეაგირება მიიღეს.

„საერთოდ არ ველოდი, რომ რამეს იტყოდნენ. ეს ჩემთვის იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან ამ თემასთან მიმართებაში, ძალიან განიცდიან, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან განიცდის, ძალიან ღელავს და აშფოთებს ის, რომ ეს ნაბიჯები შეიძლება რეალობად იქცეს. ამიტომაც რეაგირებენ ასე აგრესიულად. და სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენმა მთავრობამ სწრაფად იმოქმედოს“, – ამბობს მაკკლირი.