ბრიტანეთი, უკრაინა და პოლონეთი ახალი ალიანსის შექმნაზე მალე განაცხადებენ - BBC

პუბლიკა

დიდ ბრიტანეთს, უკრაინასა და პოლონეთს შორის ახალი პოლიტიკური და თავდაცვითი ალიანსი შეიძლება ჩამოყალიბდეს. BBC-ის უკრაინული სამსახურის ინფორმაციით, მოლაპარაკებები ბოლო ფაზაშია და ალიანსის შექმნაზე ოფიციალურად, სავარაუდოდ, ამ კვირაში განაცხადებენ.

როგორც BBC-ის უკრაინული სამსახური წერს, ალიანსის შექმნაზე დღეს, 31 იანვარს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანს ლიზ ტრასს უნდა განეცხადებინა, თუმცა ოფიციალური განცხადება, სავარაუდოდ, ბორის ჯონსონის უკრაინაში შესაძლო ვიზიტის გამო გადაიდო.

როგორც BBC-ის წყაროებმა უკრაინის ხელისუფლებიდან უთხრეს, მომდევნო კვირაში შესაძლოა, კიევს დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები ეწვიონ. ახალ ალიანსზეც მას შემდეგ განაცხადებენ.

„ეს ვარიანტი სერიოზულად განიხილება, თუმცა მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ჩვენ დეტალებს ვათანხმებთ“, – უთხრა BBC-ის ანონიმურმა წყარომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან.

ახალი ალიანსის მიზანი რუსეთის შეკავება და ევროპის სამომავლო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მუშაობა იქნება.