ბრიტანეთის პარლამენტში, თემთა პალატაში დეპუტატმა ბლერ მაკდუგალმა დააყენა ქართული სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანია „იმედის” მფლობელი კომპანიის ბრიტანეთში სანქცირების საკითხი.
კერძოდ, მაკდუგალმა ლეიბორისტული პარტიის წევრს და თემთა პალატის ლიდერს, ლუსი პაუელს მიმართა, თანახმა არაა თუ არა, რომ განიხილონ ეროვნული კრიმინალური სამსახურის მხრიდან გამოძიების დაწყება და Hunnewell Partners-ისთვის ოპერაციების აკრძალვა.
მაკდუგალმა ხაზი გაუსვა, რომ ტელეკომპანია „იმედი” იმართება ბრიტანეთიდან, კომპანია Hunnewell Partners-ის მეშვეობით.
Hunnewell Partners-ს ტვ „იმედი” ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა 2021 წელს გადასცა.
„საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების ძალადობრივი დარბევის გათვალისწინებით მაინტერესებს, გამოყოფთ თუ არა ამ თემაზე დებატებისთვის დროს? – ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმ ფაქტზე, რომ ტელეკომპანია „იმედი”, მთავარი პროპაგანდისტული არხი, რომელსაც სასტიკი მთავრობა იყენებს, იმართება დიდი ბრიტანეთიდან კომპანია Hunnewell Partners-ის მეშვეობით.
მაინტერესებს, თანახმა ხართ თუ არა, რომ განვიხილოთ კრიმინალური უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან გამოძიების დაწყება და დავასრულოთ ეს ოპერაციები ამ ქვეყნიდან პრორუსული პროპაგანდისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის წაქეზების გამო”. – თქვა ბლერ მაკდუგალმა.
პასუხად ლუსი პაუელმა თქვა:
„მინდა, მადლობა ვთქვა ამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის წამოწევისთვის. მთავრობა აგრძელებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისადმი, შეაჩერონ დემოკრატიული ნორმებისგან გადახვევა და დასავლელი პარტნიორებისგან იზოლაცია. ჩვენ კვლავ ვგმობთ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალაუფლების გადამეტებულ გამოყენებას.
ის აყენებს მნიშვნელოვან საკითხს ამ სფეროში მოქმედი კომპანიების შეჩერების შესახებ. ვფიქრობ, მოვისმინე ბიზნესკომიტეტის თავმჯდომარე, რაც, ვფიქრობ, ძალიან კარგი გეგმა იქნებოდა მისთვის ამ საკითხის დასაყენებლად”.
საქართველოში Hunnewell Partners მცირე აქციონერია კომპანიებში: „მაგთიკომი”, „ბორჯომი”, „ლიბერთი ბანკი”, რუსთავის მეტალი”.
ირაკლი რუხაძე როგორც „იმედის”, ისე სხვა ჩამოთვლილი კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოს წევრია როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებშიც.