ბრიტანეთის საელჩო: 16 წლის თავზე ვიხსენებთ რუსეთის უკანონო ქმედებების შედეგად დაღუპულებს

პუბლიკა

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და კიდევ ერთხელ გამოხატავს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„დღეს, 16 წლის თავზე, ვიხსენებთ 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში, რუსეთის სასტიკი და უკანონო ქმედებების შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებს და დევნილებს. გაერთიანებული სამეფო მტკიცედ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

2008 წლის 7 აგვისტოს  რუსეთმა დაიწყო სამხედრო აგრესია, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.

2021 წლის იანვარში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის ომს უკავშირდება. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა თითქმის ყველა ძირითად მუხლში ცნო.

სასამართლომ წარდგენილი 8 მუხლიდან რუსეთს დარღვევა 6 მუხლში – სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემისა და საკუთრების უფლებაში დაადგინა. ასევე დაადგინა გადაადგილების თავისუფლების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევაც.