დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველში 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამით შეშფოთებულია.
„გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ ეს შესაძლოა იყოს მათი მხრიდან არა რაიმე უკანონონო ქმედებაზე რეაგირება, არამედ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, რომლის მიზანია აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების გაჩუმება.
აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა მოიცავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობასა და ინფორმაციის თავისუფლებას, სამართლებრივ დახმარებას საქართველოს მოქალაქეებისთვის, ქალებისა და ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერას. მათი დახურვა ზიანს მიაყენებს საქართველოს მოსახლეობას და კიდევ უფრო შეასუსტებს დემოკრატიული დაცვის მექანიზმების არსებობას და ანგარიშვალდებულებას ქვეყანაში.
ასევე, გვინდა აღვნიშნოთ ევროპის საბჭოს არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლის ექსპერტთა საბჭოს ბოლო მოსაზრება, რომლის თანახმად, ბოლო პერიოდში არასამთავრობო სექტორის შესახებ მიღებული კანონის გატარება „მძიმე და გაუმართლებელ ზიანს მიაყენებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას“ და წინააღმდეგობაშია იმ მრავალ ვალდებულებასთან, რომელიც საქართველომ, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფომ, იკისრა”. – აცხადებს დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში და „ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, „გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, შეწყვიტოს თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე და დაიწყოს დიალოგი ყველა დაინტერესებულ მხარესთან ამ კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად”.
27 აგვისტოს ქართული ოცნების” პროკურატურამ განაცხადა, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე დააყადაღეს 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები.
დაყადაღებულია „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, ISFED-ის, IDFI-ის, GDI-ის, „დემოკრატიის მცველების“, „საფარის“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ანგარიშები.
პროკურატურა აცხადებს, რომ ყადაღა დაედო იმ სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში, რომლებიც მათ ვატო შაქარიშვილის ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე დაიწყეს და რომელიც „საბოტაჟს ეხება“.
უწყების თანახმად, ამ ორგანიზაციების დანაშაული იმაში მდგომარეობს, რომ მათი „მიზნობრივი ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის – სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირების დროს”.
პროკურატურა დანაშაულად მიიჩნევს საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების და დაჯარიმებულების დახმარებასაც.