ბრიტანეთის საელჩო ჯაფარიძეზე: „ოცნებამ“ ახლავე უნდა შეაჩეროს ანტიდემოკრატიული ზომები 

პუბლიკა

ბრიტანეთის საელჩო ჯაფარიძეზე: „ოცნებამ“ ახლავე უნდა შეაჩეროს ანტიდემოკრატიული ზომები

დიდი ბრიტანეთის საელჩო ზურაბ ჯაფარიძის გირაოს პატიმრობით შეცვლას ეხმაურება და წერს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ახლავე უნდა შეაჩეროს ანტიდემოკრატიული ზომების მიღება”.

„დიდი ბრიტანეთი ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებით. მისი დაკავება სრულიად არაპროპორციული ზომაა, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპოზიციის დაშინებას და გაჩუმებას.

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ კანონის მიღებასთან და „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ გაკეთებული განცხადებების ფონზე, ეს საქართველოს სერიოზული დემოკრატიული დაღმასვლის კიდევ ერთი დასტურია.

პლურალისტური, მრავალპარტიული დემოკრატია ევრო-ატლანტიკური ღირებულებების აუცილებელი ნაწილია. „ქართულმა ოცნებამ“ ახლავე უნდა შეაჩეროს ანტიდემოკრატიული ზომების მიღება”. – აცხადებს საელჩო. 

22 მაისს „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. გადაწყვეტილება 22 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი შვანგირაძემ მიიღო. ჯაფარიძეს ბორკილები სასამართლო დარბაზში დაადეს.

ჯაფარიძეს სასამართლომ „ოცნების“ პარლამენტში შექმნილი წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 20 000-ლარიანი გირაო 16 აპრილს შეუფარდა. ზურაბ ჯაფარიძემ გირაოს გადახდაზე უარი თქვა.