ბრიტანეთის საელჩო: ყურადღებით ვაკვირდებით, მშვიდობიანი პროტესტის უფლება უნდა იყოს დაცული

პუბლიკა

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში მიმდინარე აქციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ბრიტანეთი ყურადღებით აკვირდება მოვლენებს.

„საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ და ხმამაღლა აფიქსირებენ თავიანთ სურვილს გახდნენ ევროატლანტიკური ოჯახის წევრები. მათი ხმა გაგონილ უნდა იქნეს. მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება უნდა იყოს დაცული”, – ნათქვამია განცხადებაში.

1 მაისს რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის გასაპროტესტებლად ასობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. შსს-მ განაცხადა, რომ პოლიცია სრულად გაიყვანა ადგილიდან. რამდენიმე ათეული ადამიანი 9 აპრილის ქუჩის მხრიდან პარლამენტის ჭიშკარს ეჯაჯგურებოდა.

სპეცრაზმმა, რომელიც პარლამენტის ეზოში იყო, მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შემდეგ კი გაზი რამდენჯერმე გაუშვეს რუსთაველის გამზირის მხარესაც. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გამოიყენეს ასევე რეზინის ტყვია, თუმცა შსს ტყვიების გამოყენებას უარყოფს.