დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძის გათავისუფლებას მოითხოვს. განცხადებას გაერთიანებული სამეფოს საელჩო ავრცელებს.
„გაერთიანებული სამეფო ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას მოითხოვს. ბატონ გახელაძეს სამხრეთ ოსეთის რეგიონში 12 წლითა და 6 თვით უკანონო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უნდა შეეძლოს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში თავისუფლად გადაადგილება. გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – ნათქვამია გავრცელებულ განხცადებაში.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
საქართველოს საგარეო სამინისტრო პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს და მიმართავს მას, შეწყვიტოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების უფლებების დარღვევა. უწყება ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მორიგ პროვოკაციას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე 11 ივლისს უკანონოდ დააკავეს.
„უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს ფეხის არეში და შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება”, – განაცხადეს უწყებაში.
მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აქვს წაყენებული. 317-ე მუხლი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 12-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ზაზა გახელაძეს 322-ე მუხლითაც ედავებიან, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.