ბრიტანეთის საგარეოში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს

პუბლიკა

30 ივნისს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული იყო საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, გიორგი საგანელიძე. ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე მაღალი რანგის წარმომადგენელმა „მწვავედ გააპროტესტა „ქართული ოცნების“ მხრიდან დიდი ბრიტანეთისა და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ წამოწყებული ცრუ ბრალდებებისა და საჯარო თავდასხმების სერია“.

გავრცელებული განცხადების მიხედვით, ბრიტანელმა მაღალჩინოსანმა საგანელიძესთან საუბრისას „მკაფიოდ დააფიქსირა დიდი ბრიტანეთის მტკიცე პოზიცია საქართველოს მზარდად დამაზიანებელი ტრაექტორიის მიმართ“.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებით:

  • „ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება საქართველოს მთავრობის მორიგი მცდელობაა, შეზღუდოს თავისუფლებები და ჩაახშოს განსხვავებული აზრი“.
  • „საარჩევნო კონკურენტების დაკავება სრულიად შეუთავსებელია ქართული ოცნების მიერ დეკლარირებულ ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან და ეწინააღმდეგება მათსავე საკონსტიტუციო ვალდებულებებს“.
  • „დიდი ბრიტანეთის მთავრობა არ დააყოვნებს დამატებითი ზომების მიღების განხილვას, თუ საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიის, თავისუფლებებისა და ადამიანების უფლებების დაცვის და პატივისცემის გზას“.

ბრიტანეთს უკვე არაერთი ქართველი მაღალჩინოსანი ჰყავს სანქცირებული:

ლევან მურუსიძე;
მიხეილ ჩინჩალაძე:
კარლო კაციტაძე;
შალვა ბედოიძე;
მირზა კეზევაძე;
გიორგი გაბიტაშვილი;
ვახტანგ გომელაური;
ალექსანდრე დარახველიძე;
სულხან თამაზაშვილი;
ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“);
მილერი ლაგაზაური.

18 ივნისს ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში განცხადება გაავრცელა და „ოცნების“ განცხადებებს გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ დიდი ბრიტანეთი ბევრი წელია მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში, მათ შორის ამომრჩეველთა საგანმანათლებლო აქტივობებს, აფინანსებს ადგილობრივ საარჩევნო სადამკვირვებლო ჯგუფებს, რომლებიც მუშაობენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, და მონაწილეობას იღებს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ეუთო/ოდირი) სადამკვირვებლო მისიებში საქართველოში.

„საქართველოს მთავრობა თავად უჭერდა მხარს ამ საქმიანობას და ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამ საქმიანობის აღწერას, როგორც “პროპაგანდისა და ექსტრემიზმის“ დაფინანსებას. ეს არ შეესაბამება სიმართლეს“, – აღნიშნული იყო განცხადებაში.