ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი: ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ყველა დარღვევა 

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში, სტივენ დაუთმა განაცხადა, რომ „გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს ეუთო-ოდირის წინასწარ ანგარიშს საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით“.

მისიას დიდი ბრიტანეთიდან ორმოცდაათი დამკვირვებელი შეუერთდა.

დაუთი მიუთითებს, რომ ანგარიში ასახავს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, უაღრესად პოლარიზებულ საარჩევნო გარემოს, ასევე ფართოდ გავრცელებულ დაშინებას და ამომრჩეველთა იძულებას.

„აღნიშნული ქმედებები, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლასთან ერთად, რომელიც გამოიწვია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმა, არ შეესაბამება ღია, დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ყველა დარღვევა და დაუბრუნდეს დემოკრატიის განვითარების გზას. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და მზადყოფნას გამოვთქვამთ მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ბრიტანელმა მინისტრმა.

26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ” ხმების 53.92% მიიღო.

ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიები, მათ შორის, PACE-ს, ეუთო/ოდირის, NDI-ის, IRI-ის და ENEMO-ს წარმომადგენლები წინასაარჩევნო გარემოსა და კენჭისყრის დღის შეფასების დროს საუბრობენ შემდეგ დარღვევებზე: ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ზეწოლა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. სადამკვირვებლო მისიები ხაზს უსვამენ ამომრჩევლების აღრიცხვას საარჩევნო უბნებთან და კამერებს საარჩევნო უბნებზე, რაც მოქალაქეებს ხელს უშლიდა, ჰქონოდათ განცდა, რომ ხმის მიცემა ფარულია. NDI-ის სადამკვირვებლო მისიის თანახელმძღვანელმა, პერ ეკლუნდმა განაცხადა, რომ „წინასაარჩევნო პერიოდმა ვერ მოახერხა დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტური სტანდარტების დაცვა”.

ადგილობრივმა ორგანიზაციებმა ასევე აღრიცხეს ანალოგიური დარღვევები, ამასთან, მიუთითეს მარკირების წესების დარღვევებსა და ერთი ადამიანის მიერ ხმის რამდენჯერმე მიცემის შემთხვევებზე.

საია-მ განაცხადა, რომ კენჭისყრის დღე ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა და ცესკოს მიმართა, განმარტოს, რა მექანიზმებით შეიძლება არ მომხდარიყო ხმის მიცემის ელექტრონულ აპარატებში დუბლირებული სიების გააქტიურება.

4-მა ოპოზიციურმა პარტიამ: „ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ”, „კოალიციამ ცვლილებისთვის”, „ძლიერი საქართველოს” და „გახარია საქართველოსთვის” განაცხადა, რომ ისინი არ ცნობენ არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას.

27 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, ვინაიდან „აღიარება ნიშნავს საქართველოს რუსეთისთვის დაქვემდებარების აღიარებას”.