ბრიტანეთმა შინაგან საქმეთა მინისტრს და პოლიციის მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. ჩამონათვალში არიან ვახტანგ გომელაური, ალექსანდრე დარახველიძე, სულხან თამაზაშვილი, ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) და მილერი ლაგაზაური.
გაერთიანებული სამეფოს ცნობით, ისინი პასუხისმგებელნი არიან მედიისა და მომიტინგეების სასტიკ დარბევაზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციები გაგრძელებაა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ გასულ კვირას მიღებული ზომებისა, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს მთავრობის პროგრამების მხარდაჭერის შეჩერებასა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეზღუდვას.
„დიდმა ბრიტანეთმა შეერთებულ შტატებთან კოორდინირებული მოქმედებით სანქციები დაუწესა ხუთ მაღალჩინოსანს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში ჟურნალისტებსა და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობრივ თავდასხმაზე.
საქართველოს ხელისუფლებამ მას შემდეგ დაიწყო დემონსტრაციების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების სისტემატური დარბევა, რაც საზოგადოებამ წინააღმდეგობა გაუწია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეეჩერებინა ქვეყნის სვლა ევროპული მომავლისკენ.
ეს გადაწყვეტილება ძირს უთხრის საქართველოს კონსტიტუციის ძირითად დებულებას და მიიჩნევა „ქართული ოცნების“ უკიდურეს ნაბიჯად, რომელიც საქართველოს კრემლის პირისპირ უფრო დაუცველს ხდის.
დღეს დასანქცირებულ პირებს შორის არიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და პოლიციის სამი მაღალჩინოსანი. მათ დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის აკრძალვა და აქტივების გაყინვა ემუქრებათ, რაც მათი დიდი ბრიტანეთიდან და მისი ეკონომიკიდან გარიცხვას ნიშნავს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლამმიმ განაცხადა:
„დემონსტრანტების, ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული შოკისმომგვრელი ძალადობა არის საშინელი თავდასხმა დემოკრატიაზე. ის არის ქართველი ხალხის უფლება, რათა შეძლონ თავისი ფუნდამენტური თავისუფლების განხორციელება. ჩვენი დღევანდელი ქმედება აჩვენებს, რომ გაერთიანებული სამეფო დგას საქართველოს მოსახლეობის გვერდით და განიხილავს ყველა შესაძლებლობას, რათა დადგეს პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი”.
დღეს სანქცირებული პირები არიან:
- ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი;
- ალექსანდრე დარახველიძე – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
- სულხან თამაზაშვილი – თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
- ზვიად ხარაზიშვილი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი;
- მილერი ლაგაზაური – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სპეცრაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები მშვიდობიანი მომიტინგეების დასაშლელად – ივნისში დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა ყოველწლიური სტრატეგიული „უორდროპის დიალოგი“ საქართველოსთან ანტიდასავლური რიტორიკის გაზრდისა და კრემლის მიერ შთაგონებული კანონების მიღების საპასუხოდ, რომელიც ზღუდავს მედიის თავისუფლებებს და ზღუდავს ქართველი ხალხის თანასწორობას.